logo_geo
eng_logo
ვინ თქვა, რომ თოვლის ბაბუისა მხოლოდ პატარებს სჯერათ
- +

1 იანვარი. 2017. 21:01



სანტა-კლაუსებზე, „დედ-მოროზსა" და თოვლის ბაბუაზე შექმნილი ზღაპრებისა და ლეგენდების ავტორები დიდები არიან და არა ბავშვები. ამ ლეგენდებსა და ზღაპრებში გაცხადებული, ასრულებული კეთილი სურვილების, სიურპრიზებისა და სიხარულად ქცეული ჯადოსნური საახალწლო ღამის „ავტორებიც" უფროსები არიან. ის უფროსები - საკუთარი ბავშვობიდან გამოყოლილ საშობაო სურვილებს დღემდე ლეგენდებად რომ უამბობენ შვილებსა და შვილიშვილებს. 


ნატვრის ობიექტია სხვადასხვა, თორემ საშობაოდ დაგროვებული სურვილების ასრულებას ერთნაირად ნატრობენ დიდებიც და პატარებიც. მაღლიდან კი ღმერთი იყურება და ამიტომ აუსრულებელი კეთილი სურვილიც არავის აქვს. აბა მასზე უფრო ყოვლისშემძლე სიკეთეც სხვა ვინ იქნება.


კაცმა არ იცის რას ნატრობდა ის ქუჩაში, ყინვაში კიბეზე ჩამომჯდარი მათხოვარი, როცა გურამ რჩეულიშვილმა ჯიბეები დაიცარიელა და საახალწლოდ ახალი „ბათინკების" საყიდლად ნაგროვები ფული სულ მას დაუტოვა. ასეთ საახალწლო ზღაპარს ჰგავდა ისიც, როცა ჩვეულებრივმა თბილისურმა ოჯახმა საკუთარ ჭერქვეშ დაუდო ბინა ქუჩაში „უიმედოდ" დარჩენილ დედა-შვილს. ჰოდა, ვინ თქვა, რომ თოვლის ბაბუა მხოლოდ ზღაპარია?! ვინ თქვა, რომ ის მხოლოდ პატარებს უსრულებს ნატვრას?!


მახსოვს, პირველად ვხვდებოდით ახალ წელს ჩვენს ახალ ბინაში. როგორც ყველა ბავშვი, ჩვენც საგანგებო მონდომებითა და სიხალისით ვაწყობდით ნაძვის ხეს. უფროსები აწყობდნენ, თორემ ჩვენგან ხელისშეშლის მეტი რა გამოდნებოდა. ჩემი უმცროსი დის ტოლი მეზობელი გოგონა იყო იქვე, დედამისთან ერთად. განსაკუთრებული თითქოს არაფერი ხდებოდა, როცა მამამ სათამაშოები ხელში შეგვატოვა და მეორე ოთახში გავიდა. კარგა ხნის მანძილზე სავარძელში მჯდომი, ჩაფიქრებული შეჰყურებდა რომელიღაც ერთ წერტილს. ბოლოს ადგა, ჩაიცვა და კარი ისე გაიხურა, ამბავიც არ დაუტოვებია. დედა და მეზობელიც გაოცბული შეჰყურებდნენ ერთმანეთს. ახალ წლამდე საათები რჩებოდა და მამის საქციელი საკმაოდ უცნაური იყო. ნაძვის ხის აწყობა დედასთან ერთათ გავაგრძელეთ. ცოტა ხანში მეზობლები თავისთან ავიდნენ.  ათი სრულდებოდა, როცა მამა ორი დიდი ყუთით დაბრუნდა შინ. ერთ ყუთში ახალი ნაძვის ხე იყო, მეორეში - სათამაშოები. 


ვიცოდით, რომ იმ ჩვენს მეზობელ გოგონას სრულიად ახალგაზრდა მამა ახალი გარდაცვლილი ჰავდა, მაგრამ მის ოჯახში რომ საახალწლოდ ნაძვის ხე არ ჰქონდათ, ამას მამაჩემმა შემთხვევით მოკრა ყური.


ცოტა ხანში იქაც აწყობდნენ საზეიმო ნაძვის ხეს. 


31 დეკემბრის იმ საღამოს მამა ერთ-ერთი ბაზის ნაცნობ დირექტორს სახლში მიადგა. წამოვიდნენ. დირექტორმა ბაზის საწყობი თავის ხელით გააღო და ის ორი ყუთი მამას გამოატანა. ანგარიშწორებაზე რომ მიდგა საქმე - უთქვამს: მაგ ფულს მოლარეს მე მივცემ. შენ უკვე ისედაც გააკეთე სიკეთე, როცა მოხვედი და საშუალება მომეცი, ამ საახალწლოდ უკაცოდ დარჩენილი ოჯახისთვის პატარა სიხარული მეც გამეგზავნაო. მამაჩემი ხომ იყო და იყო, მაგრამ ის კაციც იქნებ მასზე მეტი, თორემ ნაკლები არაფრით ყოფილა. კაცმა რომ თქვას, თოვლის ბაბუამ მათაც შეუსრულა ერთი დიდი სურვილი. ამ სურვილს ყველაზე დიდი სიკეთე - სხვისი გახარება ქვია.   


თოვლის ბაბუები ნამდვილად არსებობენ. მხოლოდ ეს არის, რომ მათ უმრავლესობას ყოველთვის არ ამშვენებს ლამაზი თეთრი წვერი, ნაბადი და სანტა-კლაუსის ქურქი. ჩემი თუ არ გჯერათ, აგერ, მოვიდა ახალი წელი და ყველა დავრწმუნდებით, რომ ეს მართლა ასეა.       





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner