logo_geo
eng_logo
ანი მიროტაძე: ნაძვის ხის მორთვა ის საქმეა, რომელიც არასდროს მეზარება
- +

2 იანვარი. 2017. 15:02



„ეროვნული ფორუმის" წევრი ანი მიროტაძე ახალ წელს ყოველთვის ოჯახში ხვდება. მან როგორც „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნა, ახალი წელი საოჯახო დღესასწაულია, ამიტომაც უხარია ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება ახლობლების გარემოცვაში.


თავად საახალწლო სამზადისში ყოველთვის მონაწილეობს, ტრადიციისამებრ კი, დასთან და ძმიშვილებთან ერთად რთავს ნაძვის ხეს.


„ძალიან მიყვარს ის გარემო, როდესაც სახლში სამზადისია, მეც მეტ-ნაკლებად ვმონაწილეობ. ვგიჟდები ნაძვის ხის მორთვაზე, ესაა საქმე, რომელიც არ მეზარება. ყოველ წელს ვამატებთ ახალ სათამაშოებს. რაც შეეხება სადღესასწაულო სუფრას, მე მხოლოდ დამხმარე ვარ, ჩემს მოვალეობაში ხახვისა და ნივრის გარჩევა ან გამოყენებული ჭურჭლის დარეცხვა შედის. ეს ფუნქცია, სიმართლე გითხრათ, ძალიან მომწონს", - განაცხადა მიროტაძემ.


მისი თქმით, ოჯახში ტრადიციად აქვთ, მეკვლე მამა იყოს, განსაკუთრებულად კი ის ახალი წელი ახსოვს, რომელიც სოფელში გაატარა.


„ერთხელ მახსოვს, იმერეთში წავედით ახალი წელის შესახვედრად. თბილისში თოვლი არ იყო, მაგრამ იქ კი. 12-ს ზუსტად 2 წუთი აკლდა, როდესაც მივედით. ერთმეტრიან თოვლში ვიარეთ, ძლივს ავედით, თუმცა ძალიან კარგი იყო, ბუხართან, ბებიასთან და ბაბუასთან ერთად გავატარეთ ახალი წელი და ხშირად მენატრება. სურვილი მაქვს, ყოველ ახალ წელს ფანტელები მოდიოდეს", - განაცხადა ანი მიროტაძემ.


„ეროვნული ფორუმის" წევრი ქვეყანას მშვიდობას, მოსახლეობას კი ერთმანეთის დაფასებას უსურვებს.


„ახალმა წელმა ერთმანეთის დაფასება უნდა მოგვიტანოს. ერთი მოკითხვა და გაღიმებაც კი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის. გვჭირდება პოზიტიური განწყობა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველას საერთო საზრუნავი გვაქვს, ქვეყანაზე ზრუნვა. ცეცხლოვანი მამლის წელს მინდა, ერთმანეთს ბევრი პოზიტიური ემოცია ვაჩუქოთ", - განაცხადა მიროტაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner