ავტორი სალომე უერთაშვილი
„დემოკრატიული მოძრაობის" წევრი გიორგი ახვლედიანი ახალ წელს ტრადიციულად ოჯახში ხვდება. როგორც მან „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნა, დიდი კულინარიული შესაძლებლობებით არ გამოირჩევა, თუმცა შესაბამისი პროდუქტების ყიდვას საკუთარ თავზე იღებს.
„ჩემთვის ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია, თუმცა ახალგაზრდობაში მქონდა მცდელობა, ალტერნატიულად შევხვედროდი ახალ წელს, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ესაა დღესასწაული, რომლის აღნიშვნაც გსიამოვნებს ოჯახთან ერთად. საახალწლო სამზადისს რაც შეეხება, დიდი კულინარიული შესაძლებლობებით არ გამოვირჩევი, თუმცა, სამზადისი ბაზარში წასვლას და შესაბამისი პროდუქტების ყიდვასაც ხომ გულისხმობს? ამას ვიღებ საკუთარ თავზე, ეს საკმაოდ რთული, დამღლელი და ნერვების მომშლელი პროცედურაა. ვმონაწილეობ ნაძვის ხის აწყობაში და, რა თქმა უნდა, ვზრუნავ საახალწლო განწყობაზე", - განაცხადა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, მეკვლე ყოველთვის ოჯახის რომელიმე წევრია, 2017 წლის მეკვლეობა კი უმცროს შვილს ნიკუშას უწევს.
„მეკვლე წინასწარ შეთანხმებული არ გვყავს, აუცილებლად ოჯახის წევრი უნდა იყოს. ახალ 2017 წელს, უპირველს ყოვლისა, საქართველოში მცხოვრებ ოჯახებს სიმშვიდეს, სტაბილურობას და წინსვლას ვუსურვებ. ჩვენი ქვეყნის წარმატება თითოეული ოჯახის წარმატებასა და ბედნიერებაზეა დამოკიდებული", - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.