ავტორი შორენა ღვაჩლიანი
„იშვიათად ხდება, რომ პირველ იანვარს გარეთ გავიდე და კიდევ უფრო იშვიათია, ვინმესთან პირველი მივიდე. ახალი წლის პირველ დღეს, პირიქით, ჩვენთან მოდიან", - აღნიშნა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გუგული მაღრაძემ. პარლამენტარმა „რეპორტიორთან" ინტერვიუში, საახალწლო სამზადისზე, მეკვლის ტრადიციასა და ამ ლამაზი დღესასწაულის შესახებ ისაუბრა.
- სად ხვდებით ხოლმე ახალ წელს?
-ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდები. მთელი ოჯახი ერთად ვიკრიბებით და ყველანი ასე აღვნიშნავთ წლის ამ ულამაზეს დღესასწაულს.
- როგორია თქვენი საახალწლო სამზადისი?
- სიმართლე გითხრათ, ერთადერთი, რასაც ახალი წლისთვის ვაკეთებ, გოზინაყია. კერძების გაკეთებას რაც შეეხება, ამით სხვები არიან დაკავებულნი.
- მეკვლის ტრადიციაზე რას გვეტყვით და ვინ არის თქვენი ოჯახის მეკვლე?
- ჩემი ოჯახის მეკვლე როცა კარგი ადამიანი აღმოჩნდება, ძალიან მიხარია. ისე, ყველაზე ხშირად მეკვლე ჩემი ძმა არის. შვილიშვილები როდესაც პატარები იყვნენ, ჩემი ძმა თოვლის პაპად ჩაცმული, თეთრი ულვაშით, წვერით და ხურჯინით შემოდიოდა ხოლმე ოჯახში. ყველას საჩუქრებს გვჩუქნიდა და პატარებს ძალიან უხაროდათ. ახლა კი ჩემები უკვე დაიზარდნენ, ერთი 13 წლის არის, მეორე კი 10 წლის და მათთვის უკვე მსგავსი რაღაცები აღარ არის მნიშვნელოვანი.
- თავად თქვენ ხომ არ ხართ მეკვლე?
- მეკვლე არ ვარ, რადგან ოჯახში მიწევს ყოფნა. იშვიათად ხდება, რომ პირველ იანვარს გარეთ გავიდე და კიდევ უფრო იშვიათია, ვინმესთან პირველი მივიდე. ახალი წლის პირველ დღეს, პირიქით, ჩვენთან მოდიან ნათესავები და ყველანი ერთად ჩემს ოჯახში ვიკრიბებით.
- რომელიმე ახალი წელი განსაკუთრებულად ხომ არ გახსენდებათ?
- მახსენდება 2000 წელი. ამ წელს ჩემი ძმა დაოჯახდა და გარდა ამისა, ეს თარიღი ახალი საუკუნის დასაწყისი იყო, ამიტომ ყოველთვის სხვებისგან გამორჩეულად ვიხსენებ.
- როგორ მიულოცავთ მოსახლეობას ახალ წელს და რას უსურვებთ?
- ახალი წლისთვის მოსახლეობას ვუსურვებ, გაგებით და გაცნობიერებულად შეხვდეს იმას, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც პრობლემები ჰქონდა და ექნება. მთავარია, თითოეულ ადამიანს საკუთარი თავის რწმენა ჰქონდეს და იცოდეს, თუ თავად არ გაირჯება და არ მოინდომებს, ცხოვრებაში წარმატებას ვერ მიაღწევს. საკუთარ თავსა და საკუთარ შესაძლებლობებს უფრო მეტად უნდა ვენდოთ.
ხელისუფლების სურვილი ნამდვილად არის ადამიანებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა. ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ გარკვეულ შემთხვევებში, თავს ზევით ძალა არ არის და ყველას მაქსიმალური ძალისხმევა სჭირდება იმისათვის, რომ ქვეყანაში დადებითი პროცესები წავიდეს.