logo_geo
eng_logo
როგორ ეგებება მსოფლიო ახალ წელს!
- +

2 იანვარი. 2017. 21:21


 


ახალი წლის დღესასწაულს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვაგვარად ეგებება. მასთან შესახვედრად ყველა ქვეყანას მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი წეს-ჩვეულება აქვს. მაგალითად, იტალიელები ახალი წლის ღამეს ფანჯრებიდან ძველ სკამებსა და უთოებს ყრიან, პანამელები რაც შეიძლება მეტს ხმაურობენ, ბულგარეთში კი ოთახებში შუქს აქრობენ. გთავაზობთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ახალი წლის დადგომის განსაკუთრებული ტრადიციები აქვთ.


იტალია

 

იტალიაში საშობაო-საახალწლო ზეიმი 24 დეკემბერს იწყება. იტალიელ თოვლის ბაბუას „ბაბო ნატალე" ჰქვია, რომელიც ბავშვებს საშობაოდ ასაჩუქრებს. ხოლო6 იანვარს კი, ბავშვები მორიგ საჩუქრებს ფერია ბეფანასგან იღებენ. ლეგენდის მიხედვით, 6 იანვრის ღამეს ციდან ცოცხით კეთილი ფერია ბეფანა მოფრინავს. ის კარებს პატარა ოქროს გასაღებით აღებს და პატარებს საძინებელში საჩუქრებს უტოვებს, მათ კი, ვინც ცუდად სწავლობს - ნაცარს ან ნახშირს.


იტალიელები თვლიან, რომ ახალი წლის დადგომამდე ყველაფერი ძველისგან უნდა გათავისუფლდნენ, ამიტომ ახალი წლის ღამეს ფანჯრებიდან ძველ ნივთებს ყრიან. იტალიელებს ეს ტრადიცია ძალიან მოსწონთ, განსაკუთრებით, სამხრეთელებს. ყველაზე ხშირად ისინი ფანჯრებიდან ძველ უთოებსა და სკამებს აგდებენ. საერთოდ კი, იტალიაში ახალი წლის რამეს დაძინება შეუძლებელია, რადგან ფოიერვერკები მთელი ღამე გრძელდება.


საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტი იტალიურ ოჯახში თხილი, ყურძენი და ოსპია, რაც ხანგრძლივი სიცოცხლის, ჯანმრთლობისა და კეთილდღეობის სიმბოლოა.


იტალიურ პროვინციებში არსებობს კიდევ ერთი უძველესი ტრადიცია. სოფლის მცხოვრებლებს ახალი წლის დილას სახლში წყაროს წყალი შეაქვთ. მათი რწმენით, წყალს ბედნიერება მოაქვს.


იტალიელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვის შეხვდებიან ახალ წელს პირველად. პირველი შემხვედრი თუ სასულიერო პირი, ბავშვიანი ქალი ან მამაკაცია, ეს არასასურველად ითვლება, ქუჩაში კუზიანი მოხუცის დანახვა კი კარგის ნიშანია.


ეკვადორი

 

უჩვეულო საახალწლო ტრადიცია აქვთ ეკვადორელებსაც. ისინი ახალი წლის ღამეს კოცონზე მამაკაცის ფიტულებს წვავენ. რიტუალი „ქვრივების ტირილის" სახელითაა ცნობილი და სიმბოლურად „ცუდი ქმრების" დატირებას გამოხატავს. უჩვეულო რიტუალს ქვრივის ფორმებში გადაცმული მამაკაცები ასრულებენ.


ეკვადორული ტრადიციით, მათ, ვისაც მთელი წელი მოგზაურობა სურს, ჩემოდნებით ან დიდი ჩანთებით სახლს რამდენჯერმე უნდა შემოურბინონ, სანამ საათი თორმეტს არ ჩამოჰკრავს.


ვისაც პირადი ცხოვრების შეცვლა, გათხოვება ან ცოლის მოყვანა სურს, ახალ წელს წითელი საცვლებით უნდა შეხვდეს.


ძველი წლის უსიამოვნებების დასავიწყებლად ეკვადორელები ფანჯრიდან წყლიან ჭიქას ისვრიან.


შვედეთი

 

შვედი ბავშვები ახალ წელს სამყაროს დედოფალს, ლუჩიას ირჩევენ. მას თეთრ სამოსს აცმევენ და თავზე ანთებულსანთლებიან გვირგვინს ახურავენ. ლუჩია ბავშვებს საჩუქრებს ურიგებს. მას არც შინაური ცხოველები ავიწყდება და კატებს- გემრიელი მუსით, ძაღლებს- შაქრის ძვლით, სახედრებს კი სტაფილოთი ასაჩუქრებს. ახალი წლის ღამეს სახლებში შუქს არ აქრობენ, ქუჩები კი საგულდაგულოდაა განათებული.


სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

 

სარ-ის სამრეწველო დედაქალაქ იოჰანესბურგში ერთ-ერთი კვარტლის მცხოვრებლები ახალი წლის ღამეს ფანჯრებიდან ძველ ნივთებს ყრიან. ამის გამო საავტომობილო მოძრაობა ფერხდება. პოლიცია იძულებული ხდება, ჰილბროუს კვარტალი გადაკეტოს. სამართალდამცავები ადგილობრივ მცხოვრებლებს მეგაფონებით მოუწოდებენ, ფანჯრებიდან მძიმე საგნების გადმოყრისგან თავი შეიკავონ. ახალ წელს ჰილბროუ იოჰანესბურგში ყველაზე საშიშ კვარტლად ითვლება, სადაც მთელი ღამის განმავლობაში 100-მდე პოლიციელი პატრულირებს.


ინგლისი

 

ინგლისში, ახალ წელს, ბავშვებისთვის წარმოდგენებს მართავენ. მხიარულ კარნავალში მონაწილეობას პატარებისთვის საყვარელი ზღაპრის გმირები: ჰობი ჰორსი, პანჩი და სხვა პერსონაჟები იღებენ. მთელი ღამის განმავლობაში ქალაქის ქუჩებში გარემოვაჭრეები სათამაშოებს, ნიღბებს, ფრანებს და სხვა საახალწლო ატრიბუტიკას ყიდიან.


ინგლისში ტრადიციად შემორჩა საახალწლო მისალოცი ბარათების გაგზავნა.


ძილის წინ ბავშვები მაგიდაზე ცარიელ თეფშებს ტოვებენ, რომლებზეც თოვლის ბაბუამ საჩუქრები უნდა დაუწყოს, ფეხსაცმელებში კი სანტას სახედრისთვის თივას ყრიან.


ახალი წლის დადგომას ინგლისის მცხოვრებლებს ზარების რეკვით ამცნობენ. ზარების რეკვა 12 საათის დადგომამდე იწყება. თავდაპირველად ზარები ჩუმი ხმით რეკავენ, ამისთვის მათ სპეციალურად ფუთავენ. ზუსტად 12 საათზე კი ზარებს აშიშვლებენ და მთელი ძალით რეკავენ. სწორედ იმ წუთებში, როდესაც ზარები რეკავენ, წყვილებმა ერთმანეთს უნდა აკოცონ.


ახალი წლის სუფრას, ინგლისურ ოჯახში, ინდაური ამშვენებს შემწვარი კარტოფილით და სოუსით. ასევე ძალიან პოპულარულია ბრიუსელის კომბოსტო ხორცის ღვეზელით, პუდინგი, ხილი და ტკბილეულობა.


ბრიტანეთის კუნძულებზე არსებობს კიდევ ერთი ძველი ტრადიცია - როდესაც საათის ზარი 12-ს ჩამოჰკრავს, ადგილობრივები სახლის უკანა კარს ღიას ტოვებენ, რათა ძველი წელი გააცილონ, ბოლო ზარის ჩამოკვრისას კი ისინი წინა კარს აღებენ, რომ სახლში ახალი წელი შეუშვან.


შოტლანდია

 

შოტლანდიაში ახალი წლის დღესასწაულს „ჰოგმანის" უწოდებენ. ამ დღეს ყველა რობერტ ბერნსის ტექსტზე შექმნილ შოტლანდიურ სიმღერას მღერის. ახალი წლის ღამეს თივით გავსებულ კასრებს ცეცხლს უკიდებენ და ქუჩებში აგორავებენ, რაც სიმბოლურად ძველი წლის გაცილებას ნიშნავს.


შოტლანდიური ტრადიციით, ბედნიერი იქნება თუ არა დამდეგ წელს ოჯახი, იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ შევა პირველად სახლში. ადგილობრივთა რწმენით, თუ პირველი სახლში მუქთმიანი მამაკაცი შევა, ის ოჯახს ბედნიერებას მოუტანს. შოტლანდიაში არსებობს მეკვლეობის ტრადიციაც, რასაც ადგილობრივი დიალექტით „ფირსტ ფუტინგი" ჰქვია.


ახალ წელს შოტლანდიელები ტრადიციულ კერძებს, შვრიის ორცხობილებს, პუდინგს, ყველის განსაკუთრებულ ნაირსახეობას, „კებენს" ამზადებენ, ვახშამზე კი მოხარშული ბატი და ბიფშტექსი, ასევე, ნამცხვარი და შემწვარი ვაშლები აქვთ.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner