ზვიად კირტავა ციხისძირიდან „ლილიოდენდრონის" გადარგვას ეხმიანება და სოციალურ ქსელშ წერს:
„მიხეილ სააკაშვილის დროს საქართველოში ათასობით და ათეულათასობით ხე უკანონოდ იჭრებოდა და უძვირფასესი ჯიშის ხეების მორები უცხოეთში გადიოდა. დაფიქსირებულია, როგორ ჰქონდა ვითომ გამხმარი ხის მარკირება გაკეთებული მოსაჭრელად გამზადებულ ასობით საღ ხეს. ამაზე ნაციონალური მოძრაობის ძველ თუ ახლანდელ ლიდერებს სიტყვა არასოდეს დასცდენიათ, რადგან მთელი ეს ბიზნესი, სავარაუდოდ, სწორედ მათი ახლობლების მიერ იყო "დაკრიშული" და დიდი მოგებაც ნახეს.
ახლა ეს ხალხი საოცრად ომახიან პროტესტს გამოთქვამს იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა სამი ასწლოვანი დიდი ხე, კი არ მოჭრა, არამედ გადარგო! ჯერ პროტესტი ეხებოდა იმას, რატომ მხოლოდ 6,000 ლარად იქნა შეძენილი ხეები, თუმცა როგორც დადგინდა, კანონი არ დარღვეულა. შემდეგ პროტესტის ისარი მიმართულ იქნა იმაზე, რომ გადატანისას ხეები შეიძლებოდა დაზიანებულიყო! იყო იმის მცდელობაც, რომ ხის გადატანის აკრძალვა მომხდარიყო მიმდებარე ერთჰექტარიანი ნაკვეთის ტერიტორიაზე, რომელიც, როგორც მერე გამოირკვა, ნაცმოძრაობის მიერ - კანონის სრული დარღვევით, ფიქტიურად იყო გაფორმებული ვიღაც ჩეხ ზეინკალზე, რომელიც საქართველოში არასოდეს ყოფილა, და სავარაუდოდ, ეს ნავეთიც ისევ ნაცმოძრაობის ლიდერების საკუთრებას წარმოადგენდა. ბოლოს მათი აღშფოთება მისწვდა იმასაც, თუ როგორ შეიძლებოდა ხის გადატანაში რამდენიმე მილიონის დახარჯვა!
ადამიანებს, რომელთაც არ გაუპროტესტებიათ მიხეილ სააკაშვილის მიერ საბიუჯეტო, თუ ბიზნესის რეკეტით მიღებული, ხარჯებით დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარად ღირებული საპრეზიდენტო სასახლის აშენება (რომელიც 2008 წლის წაგებული ომის შემდგომ დასრულდა), ვერ მოუნელებიათ ივანიშვილის მიერ, რომელსაც ერთ მილიარდ დოლარზე მეტი აქვს საქართველოში სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებში (მათ შორის უნივერსიტეტების, თეატრების, სკოლების, ეკლესიების, სპორტული ნაგებობების მშენებლობა-რემონტში) დახარჯული, საკუთარ დენდროპარკში ხის გადასატანად დახარჯული საკუთარივე რამდენიმე მილიონი!
ამ საკითხის გასარკვევად, ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მივმართოთ პროკურატურას,, შეისწავლოს, რა ზარალი მიადგა საქართველოს ბუნებას მოქალაქე ივანიშვილის მიერ 3 დიდი მრავალწლოვანი ხის გადატანით!
ამავდროულად, უნდა ჩატარდეს იმის გამოძიებაც, რა ზარალი მიადგა საქართველოს ბუნებას 2004-2015 წლებში, ვისი ბრალეულობა იკვეთება ამ ზარალში და ვის მიერ ლობირებული იყო ის კომპანიები, რომლებიც ხე-ტყის უკანონო ჭრას ახორციელებდნენ და მილიონობით და ათეულმილიონობით მოგების მიღების სურვილით ტყე არ შეუნახეს შვილებს...
არ დაგიმალავთ, ხის გადასატანად ამდენი ამბავი და წვალება მეც ახირება მგონია, მაგრამ თუ იმ ახირებას არ ვაპროტესტებ (და ძალიანაც მომწონს!), როცა 5 მილიარდის ქონების მქონე ადამიანი, თავისი ქონების ლამის მეხუთედს სამშობლოს ახმარს, მაინცდამაინც ის მეორე, გაცილებით ნაკლებმნიშვნელოვანი ახირება უნდა გავაპროტესტო?
ასე მგონია, ბიძინა ივანიშვილს რომ ამდენი ეჩუქებინა საფრანგეთისთვის, საფრანგეთის მთავრობა სიამოვნებით ყოველ წელს თვითონ მოახდენდა მის მამულში 3 ან იქნებ მეტი ხის ტრანსპორტირებას...
ძალიან მოვინდომოთ, რომ ამაში დავრწმუნდეთ?
(ფოტო გაზეთ "ბათუმელების" ფოტოგრაფის უნდა იყოს. იმედია, საავტორო უფლებებს არ ვარღვევ.)"