ფარმაცევტულმა კომპანია PSP-მ სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებაში დედებთან მყოფ ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
კომპანიამ პატარებს, რომლებიც 3 წლამდე დედებთან ერთად დაწესებულებაში იზრდებიან და ასევე, ორსულებს, საახალწლოდ ტკბილეული, სათამაშოები, საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცა.
სასჯელაღსრულების N5 დაწესებულების დირექტორის ნესტან ვერულაშვილის განცხადებით, სამინისტრო ყველაფერს აკეთებს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცისათვის, რათა ისინი საზოგადოებას სრულფასოვან წარმომადგენლებად დაუბრუნდნენ.
„კომპანია PSP-მ ინიციატივა გამოთქვა, მობრძანებულიყო ქალბატონებთან და მიელოცა მათთვის ახალი წელი. გვეწვია თოვლის ბაბუა, რომელსაც პატარები დიდი სიხარულით შეხვდენენ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ყოველთვის ჩვენ გვერდითაა და ყველაფერს აკეთებს დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისათვის", - აღნიშნა ნესტან ვერულაშვილმა.
პატარებს საახალწლო საჩუქრები თოვლის ბაბუამ გადასცა და მინი გასართობი პროგრამაც შესთავაზა. მსჯავრდებულმა დედებმა სამინისტროსა და კომპანიას საახალწლო განწყობის შექმნისათვის მადლობა გადაუხადეს.