თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის ფოტო და ვიდეო გაავრცელა. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, როდის და სად არის გადაღებული კადრები.
თურქეთის პოლიციამ ღამის კლუბზე თავდასხმასთან დაკავშირებით ამ დროისთვის 12 ეჭვმიტანილი დააკავა. თურქეთის ვიცეპრემიერის ნუმან ქურთულმუშის განცხადებით, სამართალდამცველებს აქვთ თავდამსხმელის თითის ანაბეჭდები.
თურქული მედია პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თავდამსხმელი შესაძლოა, უზბეკეთის ან ყირგიზეთის მკვიდრი იყოს.
ამჟამად გამოძიება ცდილობს დაადგინოს, დაკავშირებულია თუ არა კლუბზე თავდამსხმელი ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმასთან. ორივე თავდასხმაზე პასუხისმგელობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
ამასთან, ცნობილი გახდა კლუბზე თავდასხმის ახალი დეტალები. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი კლუბთან ტაქსით მივიდა, შემდეგ კი ავტომატი მანქანის საბარგულიდან ამოიღო. მან შესასვლელში მდგარი პოლიციელი და ტურისტული სააგენტოს თანამშრომელი მოკლა და შენობაში შევიდა, სადაც 400-მდე ადამიანი იმყოფებოდა. თავდამსხმელი დაახლოებით შვიდი წუთის განმავლობაში ისროდა, რა დროსაც 100-ზე მეტი გასროლა განახორციელა. მოგვიანებით კი მან გამოიცვალა ტანსაცმელი და მიიმალა.
ახალი წლის ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა უმრავლესობას უცხოელები წარმოადგენენ. დაღუპულთა შორის არიან თურქეთის 11 მოქალაქე, საუდის არაბეთის შვიდი მოქალაქე, ერაყის სამი მოქალაქე, ლიბანის სამი მოქალაქე,იორდანიის ორი მოქალაქე, ინდოეთის ორი მოქალაქე და მაროკოს ორი მოქალაქე, ასევე გერმანიის, სირიის, ტუნისის, ბელგიის, ქუვეითის, კანადისა და რუსეთის მოქალაქეები.