თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ გახლიჩონ თურქული საზოგადოება.
მისი თქმით, ძალები, რომლებიც სისხლიანი ტერორისტული აქტების უკან დგანან, ვერ მიაღწევენ თავიანთ მიზნებს.
„თურქეთი სამართლებრივი სახელმწიფოა, სადაც ყველა რელიგიების წარმომადგენლები კანონის დაცვის ქვეშ არიან", - აღნიშნა ილდირიმმა.
პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა „ევფრატის ფარის" ოპერაციაზე.
„133 დღის განმავლობაში სირიაში „დაეშის" (ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს" არაბული აკრონიმი) 1270 ტერორისტია განადგურებული.
მხოლოდ თურქეთი ებრძვის ჭეშმარიტად ტერორისტებს, ხოლო სხვები მხოლოდ საუბრობენ. აშშ არაფერს აკეთებს ტერორისტების წინააღმდეგ საბრძოლველად, ისევე როგორც სხვები. მხოლოდ ყბედობენ", - განაცხადა ბინალი ილდირიმმა.