„მინისტრთა კაბინეტში არიან საინტერესო და მაღალკვალიფიციური კანდიდატები", - ამის შესახებ პოეტმა, დავით მაღრაძემ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბდა, რაც ყველამ აღიარა.
„გასულ წელს ქვეყანაში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რაც, ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოების განვითარების გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იყო. ყველამ აღიარა თავისუფალი და კონკურენტული გარემო, რაც მას ახლდა. ის პირველი ნაბიჯები, რომელიც ახალმა პარლამენტმა გადადგა, ჩემი აზრით, ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, მან ჯერჯერობით მაღალი კლასი აჩვენა. რადგან არჩევნები არ გაყალბდა, ვფიქრობ, ეს პარლამენტი არის ჩვენი მოსახლეობის შეგნების ანარეკლი. ველოდები, რომ ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში ეს საუკეთესო საკანონმდებლო ორგანო იქნება, თუმცა მწყდება ორ-სამ ადამიანზე გული, რომლებიც, ვფიქრობ, უნდა ყოფილიყვნენ პარალმენტში. მისი ახალგაზრდა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს", - განაცხადა მაღრაძემ.
მისი თქმით, ახალი პარლამენტი ბევრად კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე მთავრობა, თუმცა მინისტრთა კაბინეტის რიგებშიც გამოირჩევიან კვალიფიციური ადამიანები.
„მინისტრთა კაბინეტში არიან საინტერესო და მაღალკვალიფიციური ადამიანები, მაგალითად: თეა წულუკიანი, კახი კახიშვილი, დავით სერგეენკო, კახა კალაძე, რომელმაც დამარწმუნა, რომ ვარსკვლავი არ შეიძლება იყოს უნიჭო. კალაძის სასარგებლოდ მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო, როგორ გაბედა მან და ახსენა გირგვლიანი მიშას თანდასწრებით მაშინ, როცა სააკაშვილი მთელ ქვეყანას შიშის ზარს სცემდა. ასევე, როდესაც დემეტრაძეს გაუჭირდა და მას მთელი საფეხბურთო სამყარო განუდგა, კახა კალაძემ როგორ არ მიატოვა", - განაცხადა დავით მაღრაძემ.