„სასახლე მრავალპროფილურია, ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ ვმუშაობთ მეთოდიკაზე, ახალ მიდგომებზე არაფორმალურ განათლებაში", - ამის შესახებ მოსაწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ პორტალ „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
თიკა რუხაძემ სამომავლო გეგმები განიხილა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მზიურისა და სასახლის რებრენდინგი იგეგმება.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელი მოწერილი აქვს ასოცირების ხელშეკრულებაზე, არაფორმალური განათლება, ჯერ-ჯერობით, აღიარებული არ არის. თუმცა, ჩვენ ეს მოგვეთხოვება და შესაბამისი სტრუქტურები უკვე მუშაობენ ამაზე.
ჩვენ წელს საქართველოს მასშტაბით არაფორმალური განათლების ფორუმი ჩავატარეთ, რომლის ფარგლებშიც დავდეთ ხუთწლიანი სტრატეგიული განვითარების ჩარჩო, შესაბამისად, ვაგრძელებთ მეთოდურ მუშაობას. ამ ეტაპზე, ვმუშაობთ სკანდინავიურ მოდელზე, თუმცა, უკვე გავაკეთეთ რუსულისა და ესტონური მოდელის ადაპტაცია.
ამ ყველაფრის გარდა, იგეგმება მზიურისა და სასახლის რებრენდინგი. გასარკვევია, თუ რას ითხოვენ ჩვენგან, რას ვაკმაყოფილებთ, რას ელიან და რა უნდა გააკეთოს სასახლემ ბავშვთა და ახალაგაზრდების აღზრდის საქმეში. ამის პარალელურად, გავაკეთებთ მზიურის განახლების პროექტს, იქნება ახალი კონკურსი მზიურის შემადგენლობაზე, გვექნება უამრავი სიახლე", - განაცხადა რუხაძემ.