logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია ფარული კადრების გავრცელებაზე: ყველა გზა „ნაციონალური მოძრაობისკენ“ მიდის
- +

25 მარტი. 2016. 04:04

 

 

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ექს­პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც გამზარდია აცხადებს, ირაკლი ღარიბაშვილის კარიერა პარლამენტში უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე პრემიერ­მინისტრის პოსტზე იყო. აქვე გამზარდია იმ შესაძლო ვარიაციებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას უკავშირდება.


ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე არჩილ გამზარდია „რეპორტიორს" ესაუბრა:


- თუკი ღარიბაშვილი კვლავ დაინტერესდა პოლიტიკაში მოღვაწეობით, ვიტყოდი, რომ მისი ადგილი პარლამენტში უფროა, ვიდრე პრემიერად იყო. ზუსტად, რასაც მას უწუნებდნენ, ხისტ განცხადებებს, პარლამენტში გამოადგება. ღარიბაშვილს ხისტი განცხადებები პარლამენტში ოპონენტებთან სიტყვიერ პაექრობაში გამოადგება. რასაც მას ნაკლად უთვლიდნენ, როგორც პრემიერს, შესაძლოა, მისთვის მომგებიანი აღმოჩნდეს, როგორც პარლამენტის წევრისთვის.


რაც შეეხება გადათამაშების პრინციპს, რამდენიმე ვერსიამ გამიელვა თავში. ჩემი აზრით, თუკი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებაში" დაბრუნდება, დიდი ალბათობაა, რომ ამით რესპუბლიკურ პარტიას წასვლისკენ მიანიშნონ. საკმაოდ საინტერესო იქნებოდა, ირაკლი ღარიბაშვილი ახალი პარტიით წარმოდგენილიყო. ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნების" ძირითადი მხარდამჭერები გადანაწილდებოდნენ ირაკლი ღარიბაშვილისკენ. მისი პარტია მიიღებდა ხმების მნიშვნელოვან ნაწილს. კოალიცია „ქართულ ოცნებაში" დარჩებოდა ხმების ნაკლები რაოდენობა და შესაბამისად, იქაც „ქართული ოცნების" კვოტა უფრო მეტი გავიდოდა. ყველა სხვა დანარჩენი პარტიების კვოტა უფრო მცირე იქნებოდა. ამ მხრივ, ორი კურდღელის დაჭერა გახდებოდა შესაძლებელი.


- ბრიუსელში მომხდარ ტერაქტს როგორ შეაფასებთ? როგორც ჩანს, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დაცული ქალაქი არც ისე უსაფრთხო აღმოჩნდა. რამდენად არსებობს საქართველოში მსგავსი აქტების განხორციელების საშიშროება და როგორ გაუმკლავდება ამას საქართველოს ხელისუფლება?


- ტერორიზმისგან დაცულობის მექანიზმი არსად არ არსებობს. შეიძლება, ჩვენ ჯერჯერობით არ შევდიოდეთ მათ ინტერესთა სივრცეში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხისგან დაცულები ვართ. ბრიუსელში მომხდარმა ტერაქტმა გვაჩვენა, რომ ყველაზე დაცული სახელმწიფოც კი, შეიძლება დაუცველი აღმოჩნდეს. ვფიქრობ, ეს არის თემა, რომელზეც ჩვენ არ გვაქვს ადეკვატური განცდა და რეაგირება. ტერაქტების შემდეგ მსოფლიო დგას და სევდიან პრომო-აქციებს მართავს. მგონია, რომ ეს საკმარისი არ არის. ეს ყველაფერი კიდევ უფრო ჩახლართული პროცესია, რადგან სახელმწიფოთა ინტერესები ბოლომდე გარკვეული არ არის. ბრიუსელის პრეცედენტმა აჩვენა, რომ სადაც ასეთი ქალაქია დაუცველი, ჩვენ მითუმეტეს დაუცველები ვართ. სახელმწიფომ უსაფრთხოების ზომები უნდა გააძლიეროს. სხვა რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, არ ვიცი. ჩემი აზრით, ამ ყველაფრის სრული კონტროლი შეუძლებელია.


- რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებაზე საპარლამენტო კომისიის შექმნას, იზიარებთ თუ არა ამ მოსაზრებას?


- საპარლამენტო კომისიის შექმნაზე ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს. ეს კომისია პროცსებს ვერ გამოიძიებს. საპარლამენტო კომისიები, ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი ოპოზიციისთვის. საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი კი აქვს იმ პარტიას, რომელიც ამ კადრების შემოქმედია, მათი საგამოძიებო კომისიაში ჩართვა ცინიკური მგონია. ამიტომ არ ვემხრობი ასეთი კომისიის შექმნას. ეს იქნება სრულიად უფუნქციო კომისია.


- ელოდებით თუ არა საგამოძიებო ორგანოებისგან რეალურ შედეგს?


- არ ვიცი, ამ ყველაფრის სრულფასოვნად გამოძიება რამდენად შესაძლებელია. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეს შეუძლებელიცაა. ალბათ სახელმწიფომ უნდა გაიზიაროს ყველა გამოცდილება, რაც კი მსოფლიოში არსებობს.


- ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ფარული კადრების გავრცელებაზე?


- არსებობს ინფორმაცია, რომ დღესაც კი ჩანაწერების შემქმნელი აპარატურა ისევ „ნაციონალური მოძრაობის" ხელშია. ამიტომ, რომ გავრცელდეს თუნდაც 2014 წელს გადაღებული ვიდეო, ეს არ ნიშნავს, რომ კადრები მაინცდამაინც დღევანდელმა ხელისუფლებამ გადაიღო.


ჩვეულებრივი ლოგიკითაც კი, დღევანდელი ხელისუფლების ინტერესი აღნიშნული კადრების გავრცელებაში ნაკლებად იკვეთება. თუკი ხელისუფლებას ეს კადრები სჭირდება, სჭირდება შანტაჟისთვის. გავრცელებული ვიდეო კი შანტაჟის ფუნქციას ვერ ასრულებს.


ჩვენ ყველამ ისიც ვიცით, რომ ამ კადრების ასლები ათასობით არსებობს. სახელმწიფომ გაანადგურა თუ შეინახა ეს კადრები, ამის მიუხედავად აღნიშნული ვიდეოები არსებობს ათასობით. რამდენადაც ინფორმაცია ვრცელდება, ვიცით, რომ ყველა ვიდეო ერთმანეთზე მძაფრი და უარესია.


თუკი ციხის კადრების გავრცელება შეიძლება რაღაც დონეზე ხელისუფლებისთვის სასურველი ყოფილიყო, დღეს ნებისმიერი ამგვარი ვიდეოს გავრცელება მისთვის საზიანოა. ამიტომ, ცალსახად, ხელისუფლება არ უნდა იყოს დაინტერესებული ამგვარი კადრების გავრცელებაში.


რაც შეეხება ყოფილ ხელისუფლებას, ვფიქრობ, რომ ისინი დაინტერესებულნი უნდა იყვნენ ამ კადრების გავრცელებით. მათ ეს ყველაფერი სათანადოდ ვერ უმტკიცდებათ და ამიტომ აქვთ საშუალება, რომ მოახდინონ ხელისუფლების დისკრედიტაცია. ასევე მათ ეძლევათ საშუალება, რომ მოახდინონ ოპონენტი ოპოზიციური ძალების დისკრედიტაცია. ამიტომ, მგონია, რომ ამ შემთხვევაში ყველა გზა „ნაციონალური მოძრაობისკენ" მიდის.

 

- რას ფიქრობთ პატრიარქის ინიციატივაზე, რომელიც უვადო პატიმრების საკითხის გადახედვას გულისხმობს?


- მახსენდება ილია ჭავჭავაძის მიდგომები სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, ილია ჭავჭავაძემ მაშინ დიდ ეპოქას გაუსწრო.


ზოგადად სასჯელის პრინციპი შეიძლება იყოს ორი ტიპის. ეს შეიძლება იყოს დროებითი გარიდება გამოსწორების მიზნით, განსაკუთრებით საშიში ადამიანებისთვის კი მუდმივი გარიდება. აქ მსჯელობა მხოლოდ ჰუმანური კუთხით არ შეიძლება. მაგალითად, ანდერს ბრეივიკს, რომელმაც უამრავი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, სამუდამო პატიმრობა უნდა ჰქონდეს ან ღრმა სიბერემდე უნდა იხდიდეს სასჯელს. ნამდვილად არსებობენ მკვეთრად საშიში სუბიექტები. ამიტომ, ერთი შეხედვით, პატრიარქის იდეა მომხიბლავია, მაგრამ, მეორე მხრივ, აუცილებელია, რომ საზოგადოება დაცული იყოს.


მაგრამ, ჩვენთან, ხშირ შემთხვევაში არიან უვადო პატიმრები და ისეთი ადამიანები, რომლებმაც საერთოდ არ იციან, რამდენი წელი აქვთ მისჯილი. ეს რთული თემაა. მაქვს რამდენიმე ადამიანზე ინფორმაცია, რომელიც სრულიად გაუგებარ ვითარებაში იმყოფება ციხეში და მან არ იცის, რამდენი ხანი უნდა გაატაროს იქ. ეს საკითხი რომ განიხილონ სახელმწიფოს შესაბამისმა სამსახურებმა, ნამდვილად კარგი იქნება. ჩვენს შემთხვევაში, კარგად არის გასააზრებელი, ვისაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, მის მიმართ რამდენად ადეკვატური მსჯავრია გამოყენებული. ამიტომ, ბუნებრივია, პატრიარქის მიდგომა ლიბერალურ ფასეულობებზეა დაფუძნებული და სულ ცოტა, ამ ყველაფრის გადახედვა უნდა მოხდეს. შესაძლოა გარკვეული, მცირე კუთხით, სიახლეები შეიტანოს სახელმწიფომ ამ მიმართულებით. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობენ მართლაც საშიში ადამიანები, რომლებიც სასურველია, რომ მუდმივად გარიდებულნი იყვნენ საზოგადოებისგან.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner