თბილისის ყოფილი მერის საქმის პროკურორი გიგა ძნელაძე იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო ე.წ. „რიყის ეპიზოდზე" გიგი უგულავასთვის გამამტყუნებელ განაჩენს დაადგენს.
პროკურორი, ასევე იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო უცვლელად დატოვებს პირველი ინსტაციის გადაწყვეტილებას ე.წ. თბილსერვისჯგუფის ეპიზოდთან დაკავშირებით.
„დასრულდა გიორგი უგულავას ბრალდების საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევა სააპელაციო სასამართლოში, მხარეებმა ვთქვით რეპლიკები და ბრალდებულმაც წარმოთქვა საბოლოო სიტყვა, რა დროსაც ფაქტობრივად დაადასტურა ბრალად შერაცხული ქმედების გარემოებები, კერძოდ "თბილსერვის ჯგუფში" ფორმალურად განყოფილების ჩამოყალიბებისა და იქ პარტიული ნიშნით ადამიანების გაფორმების ფაქტები, რომლებიც ეწეოდნენ არა ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებულ, არამედ პარტიულ საქმიანობას, რისთვისაც საბიუჯეტო სახსრებიდან იღებდნენ ანაზღაურებას. უგულავა ითხოვს ამ ფაქტის სხვაგვარ სამართლებრივ შეფასებას. იმედი გვაქვს სააპელაციო სასამართლო უცვლელად დატოვებს პირველი ინსტაციის გადაწყვეტილებას ე.წ. თბილსერვის ჯგუფის ეპიზოდთან დაკავშირებით, ხოლო ე.წ. ,,რიყის ეპიზოდზე" დაადგენს გამამტყუნებელ განაჩენს. გ. უგულავას დღევანდელი პოზიციით დადასტურდა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რასაც ბრალდების მხარე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებიდან ამტკიცებდა", - განაცხადა გიგა ძნელაძემ.
თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ „თბილსერვისში" 700-მდე მხარდამჭერის დაასაქმება აღიარა.
„მე თავიდანვე ვთქვი და გავაკეთე განცხადება, მე ამას არ უარვყოფ. რა თქმა უნდა, ეს ხალხი დავასაქმე. წელიწადზე მეტია, შენობიდან არ გამოვსულვარ და გადავწყვიტე მოვსულიყავი იმიტომ, რომ ამ საქმეში სიცხადე შემეტანა. ვაცნობიერებ იმას, რომ ის, რაც მინდოდა გამოსულიყო კარგად არ გამოვიდა. დასაქმებას ვაღიარებ, მაგრამ ეს არ არის მითვისება და გაფლანგვა. ამას აბსოლუტურად არ ვიზიარებ. ჩემ მიმართ წაყენებულ პრეტენზიებს არ ვიზიარებ", - განაცხადა უგულავამ სააპელაციო სასამართლოში საბოლოო სიტყვის თქმის დროს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა ე.წ. „თბილსერვისის" საქმის განხილვა.