logo_geo
eng_logo
მარიამ ჯაში: „ზოგადი განათლების შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებში დისკრიმინაციის ელემენტების არსებობას გამოვრიცხავ
- +

5 იანვარი. 2017. 15:29


 


პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში „ზოგადი განათლების შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებში დისკრიმინაციის ელემენტების არსებობას გამორიცხავს.


დისკრიმინაციულ ელემენტებს მე საერთოდ გამოვრიცხავ. თითოეული ცვლილება, რომელიც შემოთავაზებულია ზოგადი განათლების შესახებ" და უმაღლესი განათლების შესახებ" კანონებში მხოლოდ ხელმისაწვდომობას, ხარისხის გაუმჯობესებას და ჯანსაღი კონკურენციის რეჟიმის დანერგვას ემსახურება. პრეზიდენტის ადმინისტრაციას დავუდასტურე მზაობა, რომ სამუშაო ფორმატში შეგვიძლია ვიმსჯელოთ განათლების სამინისტროსთან ერთად. საუბარი სხვადასხვა კატეგორიის სკოლების დაფუძნებას ეხება, როდესაც განათლების სამინისტროს ენიჭება უფლებამოსილება, მოხდეს შიდა უწყებრივი შეფასების სისტემის შემუშავება და სხვადასხვა კატეგორიის სკოლების დაფუძნება, რომელიც დადებით გამოცდილებას გამოავლენს დღეს მოქმედ ზოგადი განათლების დაწესებულებებში, ხელს შეუწყობს ხარისხობრივად როგორც სხვადასხვა საინტერესო გამოცდილების გაზიარებას, ასევე ზოგადად სხვადასხვა ინოვაციების დანერგვას ზოგადი განათლების სისტემაში. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში უნივერსალური ჩართვა გვაქვს და გენდერული დისბალანსი პრაქტიკულად არ შეინიშნება, სამწუხაროდ, უკანასკნელი კვლევები ადასტურებს, რომ აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით, საქართველოს 15 წლის ასაკის მოსწავლეები ევროპელ თანატოლებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან, ასევე ჩამორჩებიან თანატოლებს აზიის წამყვან ქვეყნებში. თუკი ჩვენ ძირეული ცვლილებები და ინოვაციური ნაბიჯები არ გადავდგით, ძალიან გაგვიჭირდება ზოგადი განათლების სისტემაში რეალური ცვლილების შეტანა", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.


დეპუტატის თქმით, პირველი კითხვა, რომელიც "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით დაისვა, იყო ის, სკოლების კატეგორიზაციის შემთხვევაში, ხომ არ მოხდებოდა ნეგატიური დისკრიმინაცია იმ სკოლებისა, რომელიც განსაკუთრებული ნოვაციებით თავს ვერ გამოიჩენდა. ჯაშის აზრით, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, აღნიშნულ პროცესს შევხედოთ როგორც პოზიტიური ინოვაციების გამოვლენის შესაძლებლობას და არა დისკრიმინაციული ხასიათის გამოვლენის შესაძლებლობას.


ბუნებრივია, კანონპროექტში ჩანაწერები ზოგადი ხასიათის იქნებოდა, რადგან ეხება უფლებამოსილების მინიჭებას განათლების სამინისტროსთვის, რათა რეალურად გაცოცხლდეს კანონში არსებული ჩანაწერი სკოლების ბრენდირებასთან დაკავშირებით, რაც ახალი ტერმინი, ახალი დეფინიცია არ არის. ასევე, ზოგადია ჩანაწერი იმ უფლებამოსლიების მინიჭებასთან დაკავშირებით, რომელიც დისტანციური სწავლების დანერგვას ითვალისწინებს", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner