თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივნის იბრაჰიმ ქალინის განცხადებით, თურქეთი სრულ მხარდაჭერას მოელის აშშ-სგან ჩრდილოეთ სირიაში ქალაქ ალ-ბაბში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში და რაიმე საბაბი, რომ ეს არ გაკეთდეს მიუღებელია.
მისი თქმით, თურქეთმა აშშ-ის ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ საკმარისი მხარდაჭერა არ მიუღიათ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ქალინის განცხადებით, მას შთაბეჭდილება რჩება, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უფრო სერიოზულად მიუდგება თურქეთისთვის მგრძნობიარე საკითხებს რეგიონში.
იბრაჰიმ ქალინი ასევე შეეხო ინჯირლიკის საჰაერო ბაზის საკითხს და აღნიშნა, რომ თურქეთს აქვს უფლება დახუროს ინჯირლიკის საჰაერო ბაზა.
„თურქეთს აქვს უფლება დახუროს ინჯირლიკის საჰაერო ბაზა. ჩვენ გაგვაჩნია ეს უფლება. მაგრამ როგორც ვთქვი, თავიდან უნდა შევაფასოთ სიტუაცია", - განაცხადა იბრაჰიმ ქალინმა.
თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საერთაშორისო კოალიცია თურქეთს საჰაერო მხარდაჭერას არ უწევს ქალაქ ალ-ბაბში ოპერაციის ფარგლებში, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კოალიციის მიერ ინჯირლიკის საჰაერო ბაზის გამოყენებას.