თბილისის საქალაქო სასამართლომ ერეკლე კოდუა დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორი ეპიზოდისთვის, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.
„სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ 2008 წლის 29 აგვისტოს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორმა ერეკლე კოდუამ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ მერაბ რობაქიძეს არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ სახელმწიფოსთვის გადასაცემად 90 000 აშშ დოლარად აყიდვინა ორი ავტომანქანა, რომელთაგან ერთ-ერთი - 45 000 აშშ დოლარად ღირებული „LEXUS GX 470" ე. კოდუამ ნაცვლად სახელმწიფოზე გადაცემისა, გააფორმა თავისი შვილის სახელზე.
ასევე, 2009 წლის თებერვალში, ერეკლე კოდუამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული გიორგი გურჩიანისთვის არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, მის ძმას შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისის" დირექტორს ერეკლე გურჩიანს, გადაახდევინა ე. კოდუას დედის ლაურა ღაჭავას მიერ შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისიდან" 2008 წელს გამოყვანილი „LEXUS"-ის მარკის ავტომანქანის საფასური 92 000 აშშ დოლარი და დამატებით აყიდვინა 41 500 ლარის ღირებულების „ტოიოტა ჰაი-ლუქსის" მარკის ავტომანქანა, რომელიც მოგვიანებით გადაფორმდა ე. კოდუას სახელზე.
აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის პროკურატურამ ე. კოდუას ბრალი საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით წარუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდისთვის. სასჯელის შთანთქმის პრინციპისა და 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამინისტის შესახებ'' საქართველოს კანონის საფუძველზე, ე. კოდუას დანიშნული სასჯელი 2 წელი და 8 თვე შეუმცირდა და საბოლოოდ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე 2 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ე. კოდუა გამართლდა. გადაწყვეტილების ამ ნაწილში გასაჩივრების საკითხზე პროკურატურა იმსჯელებს მას შემდეგ, რაც სასამართლოსგან მიიღებს განაჩენს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ამჟამად არსებითად იხილება ერეკლე კოდუას ბრალდების კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეხება საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისა და მისი სასტიკად ცემის ფაქტს. აღნიშნულ საქმეზე ერეკლე კოდუას ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ"ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 დან 10 წლამდე ვადით", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.