საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატმა ნინო ზაუტაშვილმა კითხვაზე, როგორ აპირებს ის ხალხის „გაცხრილვას", რაც, სავარაუდოდ, მოუწევს გენერალურ დირექტორად არჩევის შემთვევაში, განაცხადა, რომ მისთვის ეს საკითხი იქნება ყველაზე დიდი დილემა იმ შემთხვევაში, თუ გენერალური დირექტორობის პასუხისმგებლობა „თავს დაატყდება".
მისი თქმით,საზოგადოებრივი მაუწყებლის პერსონალის შემადგენლობა უნდა გადაიხედოს.
„მინდა გითხრათ, რომ ეს უნდა გაკეთდეს, ოღონდ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი - როგორ? უნდა გადაიხედოს მთელი სტაფფ-ი, ადამიანები, რომლებიც დღეს მუშაობენ საზოგადოებრივ მაუწყებელში. თუ ადამიანი სამსახურში საერთოდ არ დადის, თუ მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი არის ნულის ტოლი, შენ იმ ადამიანს აძლევ შანსს, გამოავლინოს თავისი შემოქმედებითი უნარები, თუ ეს შემოქმედებითი უნარები ვერ გამოვლინდა და თუ ეს ადამიანი მხოლოდ იმისთვის არის გაფორმებული, რომ ხელფასი აიღოს, ასეთი რამ შეურაცხმყოფელია იმ დანარჩენი ადამიანებისთვის, რომლებიც ძალიან კარგ საქმეებს აკეთებენ ამ არხზე და ქმნიან პროდუქციას. განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, ვინც კაპიკებზე მუშაობს მაგალითად რადიოში", - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.