„მინდა ვთქვა, რომ თუ მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა განხორციელდა, ხელისუფლება ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევენ ქვეყანას", - განაცხადა „საქართველოს ლაბორატორიის განვითარების" დირექტორმა, ირაკლი გოგავამ „ღამის სტუდიის" ეთერში.
მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა მოიცავს განათლების, წარმოების, ინფრასტრუქტურისა და საჯარო სამსახურის რეფორმასა და განვითარებას.
ირაკლი გოგავას თქმით, თავდაპირველად, თავადაც ძალიან მოეწონა ოთხპუქნტიანი გეგმის იდეა, რადგან ოთხივე სფეროს სჭირდება რეფორმები და განვითარება, თუმცა გეგმამ ასახვა უნდა ჰპოვოს სახელმწიფო ბიუჯეტში, პარლამენტის მიერ მიღებულ 2017 წლის ბიუჯეტში კი, რეფორმებისთვის თანხა გამოყოფილი არ არის.
„პარლამეტმა უკვე მიიღო 2017 წლის ბიუჯეტი. განათლების რეფორმისთვის განსაკუთრებული თანხა არ არის გამოყოფილი, თითქმის იგივე რაოდენობისაა რაც შარშან იყო, პლიუს-მინუს რამდენიმე პროცენტი. არ არის კონცეფცია, თუ რა რეფორმებზეა ლაპარაკი, ისაუბრეს მხოლოდ ზოგადად.
რაც შეეხება საჯარო სამსახურის რეფორმას, ჩვენ მოვისმინეთ, რომ ხარჯები 10%-ით უნდა შემცირდეს ე.წ ოპტიმიზაცია, მაგრამ, თავდაპირველად უბრალოდ იგეგმებოდა ხალხის 10%-ის ნაჯახით მოჭრა და მათი გარეთ გამოყრა, შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს დამატებით პრობლემას შექმნიდა, ამიტომაც გადაწყვიტეს სხვადასხვა ხარჯით შემცირება, როგორიცაა მივლინებები და ა.შ", - განაცხადა გოგავამ.