logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა ზვიად ქორიძეს: ჟურნალისტი რომ ბაზრის ჭორიკნად ხარ გადაქცეული, ძალიან დიდი სირცხვილია!
- +

6 იანვარი. 2017. 19:00


 

„დარწმუნებული ვარ, თუ ვინმე სწორად გაუძღვება „საზოგადოებრივ მაუწყებელს", ეს არის ვასილ მაღლაფერიძე", - განაცხადა „რეპორტიორთან" საუბრისას რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ. მისი თქმით, ის სხვა კანდიდატურებიდან ერთადერთი იყო, რომელსაც მართვის დიდი გამოცდილება აქვს.


„ვასილ მაღლაფერიძის არჩევა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე სწორი გადაწყვეტილებაა. არსებული კანდიდატურებიდან ის, ალბათ, ერთადერთი კაცი იყო, რომელსაც მართვის დიდი გამოცდილება ჰქონდა. საზოგადოებრივი მაუწყებელი, კი რომელშიც ძალიან ბევრი სამსახური არის ერთად თავმოყრილი და დიდი ბიუჯეტის მქონეა, როგორც ფინანსების, ასევე მართვის დიდ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. ვასილ მაღლაფერიძეს კი ამის უდიდესი გამოცდილება აქვს.

 

გარდა ამისა, მან მთელი თავისი ცხოვრება, საზოგადოების თვალწინ გაატარა და ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის პატივცემული მოქალაქეა. დარწმუნებული ვარ, თუ ვინმე სწორად გაუძღვება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ეს არის ვასილ მაღლაფერიძე. გულწრფელად ვულოცავ მას და მთელ საზოგადოებას ბორდის ამ არჩევანს", - აღნიშნა რეჟისორმა.  

 

„კოლეგებისადმი მსგავსი ტიპის განცხადების გაკეთება როგორ შეიძლება?! რას ნიშნავს უთავმოყვარეო ან სამარცხვინო გადაწყვეტილება?! სამარცხვინო და უთავმოყვარეო სწორედ რომ მათი განცხადებაა!" - ასე გამოეხმაურა ხაინდრავა ზვიად ქორიძისა და ლაშა ტუღუშის განცხადებას, რომლებმაც ბორდის წევრების არჩევანი უარყოფითად შეაფასეს და შესაბამისად, ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, გააკრიტიკეს.

 

„ვასილ მაღლაფერიძის მისამართით ორი უარყოფითი შეფასება გაკეთდა, რომლებიც არანაირ კრიტიკას არ უძლებს და არცერთ ეთიკაში არ ჯდება. ერთ-ერთი აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელი განცხადება ლაშა ტუღუშის მიერ არის გაკეტებული. მსგავსი ტიპის განცხადება საკუთარ პროფესიაში ხელმოცარული ადამიანისგან, რომელიც ნებისმიერ საკითხზე მსჯელობას ცდილობს და ყველაფერს მიედმოედება, მხოლოდ იმისთვის, რომ ზედაპირზე იტივტივოს, არ უნდა გაგიკვირდეს.

 

კოლეგებისადმი მსგავსი ტიპის განცხადების გაკეთება როგორ შეიძლება?! რას ნიშნავს უთავმოყვარეო ან სამარცხვინო გადაწყვეტილება?! სამარცხვინო და უთავმოყვარეო სწორედ რომ მისი განცხადებაა! სამარცხვინოც და უთავმოყვარეოც თავად არის, რადგან საკუთარ თავს ამდენის უფლებას აძლევს ბორდის წევრების მისამართით. მიუხედავად იმისა, რომ მათგან ზოგს პატივს ვცემ და ზოგს არა, ისინი ყველანი წარმატებული ადამიანები არიან და უამრავი კარგი საქმეც აქვთ გაკეთებული.

 

რაც შეეხება ქორიძეს, კაცი ჟურნალისტთა ქარტიის ხელმძღვანელი რომ ხარ და  გლადიატორების ბრძოლად რომ არის გადაქცეული მთელი სამაუწყებლო არე და შეურაცხყოფის, დედის გინების, ჭიქების სროლის, ლანძღვისა და ცხვირ-პირის მტვრევის გარეშე არაფერი რომ არ ხდება, ამაზე ხმა ერთხელ მაინც რატომ არ ამოუღია?!  

 

პოლიტიკურად ანგაჟირებული სწორედ რომ ქორიძეა და არა ვასიკო მაღლაფერიძე, რომელიც თავისი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში, ძალიან პრინციპულ გადაწყვეტილებებს იღებდა. მაშინ მის მიერ გაკეთებული საქმეების გაფიქრებასაც კი ვერ გაბედავდა ვერც ქორიძე და ვერც ტუღუში!  

 

ქორიძე და ტუღუში საზოგადოებისთვის მაგალითები უნდა ყოფილიყვნენ, რადგან მათ ჟურნალისტობის პრეტენზია აქვთ. ჟურნალისტი კი, როდესაც ბაზრის ჭორიკნად ხარ გადაქცეული, ეს უბრალოდ ძალიან დიდი სირცხვილია!

 

შეიძლება რაღაც მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენო!" - განაცხადა ხაინდრავამ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner