ბრიტანელმა მეცნიერებმა ცნობილი ინგლისელი მწერლის უილიამ შექსპირის საფლავის სკანირება ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ იქ თავის ქალა აღარ არის.
სკანირება მეცნიერებმა დრამატურგის გარდაცვალებიდან 400 წლისთავზე ჩაატარეს. როგორც არქეოლოგთა ჯგუფის ხელმძღვანელი კევინ კოლზი აცხადებს, შექსპირის თავის ქალა იმ ადამიანებმა მოიპარეს, რომლებსაც მწერლის გენიალურობის საიდუმლოს დადგენა სურდათ.
საფლავიდან თავის ქალას მოპარვა ერთეული შემთხვევა არ არის. მაგალითად, უცნობმა პირებმა საფლავიდან ავსტრიელი კომპოზიტორის იოზეფ ჰაიდნის თავის ქალა მოიპარეს. თუმცა მაშინ თავის ქალა იპოვეს. ამის შემდეგ კომპოზიტორის ნეშტი ავსტრიის ქალაქ აიზენშტადტში ხელახლა დამარხეს.