აშშ-ის დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისას, ჰილარი კლინტონის საწინააღმდეგოდ და დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად, "ზეწოლის კამპანიის" დაწყების ბრძანება გასცა.
BBC -ის ინფორმაციით, დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, კამპანიამ, რომელიც ითვალისწინებდა დემოკრატიული ჯგუფებისა და კერძო პირების, მათ შორის კლინტონის კამპანიის თავმჯდომარის ჯონ პოდესტას, კომპიუტერულ ქსელებზე ჰაკერულ თავდასხმებს და ამ ინფორმაციების მესამე მხარის საიტების (WikiLeaks -ის) მეშვეობით გასაჯაროებას, სწორედ იმ შედეგს მიაღწია, რისკენაც რუსეთის ხანგრძლივი ძალისხმევები იყო მიმართული "აშშ-ს ლიბერალური დემოკრატიული წესრიგის მოსაშლელად."
"რუსეთის მიზანი იყო აშშ-ის დემოკრატიული პროცესებისადმი საზოგადოების რწმენისთვის ძირის გამოთხრა, სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის უსამართლოდ გაკრიტიკება და საპრეზიდენტო არჩევნებში მისი რეპუტაციის შელახვა. ჩვენი შეფასებით, პუტინმა და რუსეთის მთავრობამ მკაფიოდ მიანიჭეს უპირატესობა ახლადარჩეულ პრეზიდენტ ტრამპს. არჩევნების ჩატარებამდე, რუსმა დიპლომატებმა საჯაროდ დაგმეს აშშ-ის საარჩევნო პროცესი და მზად იყვნენ, საარჩევნო შედეგების კანონიერება კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინათ. ხელისუფლების პრორუსულმა ბლოგერებმა არჩევნების ღამესთან დაკავშირებით ტვიტერ-კამპანია მოამზადეს - "#DemocracyRIP." (მშვიდად განისვენე დემოკრატიავ). "გრუმ", ანუ რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარმა სამმართველომ "ვიკილიქსი" დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტისა და დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ოფიციალური პირების სერვერებიდან ჰაკერული გზით მიღებული მასალით უზრუნველყო.
რუსეთის ზეწოლის კამპანია ერთდროულად მოიცავდა ჰაკერულ სადაზვერვო ოპერაციების ჩატარებასა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მედიასაშუალებებისა (Russia Today და სპუტნიკი) და დაფინანსებული სოციალური მედიის მომხმარებლების მიერ აშკარა პროპაგანდისტული ძალისხმევების განხორციელებას.
აღნიშნულ მედიასაშუალებები ტრამპს საარჩევნო კამპანიის დროს ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტის მსხვერპლად იხსენიებენ. იმავდროულად, RT-მა ჰილარი კლინტონი ნეგატიურად გააშუქა, კორუფციასა და ისლამურ ექსტრემიზმთან კავშირში დაადანაშაულა და დაახასიათა, როგორც ცუდი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონედ. სავარაუდოდ, პუტინს სურდა სახელმწიფო მდივნის დისკრედიტაცია მოეხდინა, რადგან 2011 წლიდან იგი კლინტონს საჯაროდ ადანაშაულებდა მისი რეჟიმის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების პროვოცირებაში (2011 წლის ბოლოს და 2012 წლის დასაწყისში)",- ნათქვამია ანგარიშში.
ამერიკის დაზვერვის თანამეგობრობის ანგარიშში, ასევე ნათქვამია, რომ მომავალ არჩევნებზე გავლენის მოსახდენად, მოსკოვი ჰაკერულ კამპანიას სავარაუდოდ, ისევ გააგრძელებს.