ქრისტეშობის დღესასწაულზე ქალაქ ოზურგეთში ტრადიციული საშობაო მსვლელობა - ალილო მოეწყო.
ალილოს მსვლელობა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. მლოცველებმა ალილოს სიმღერით ქალაქის ქუჩები შემოიარეს და შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად შემოწირულობები შეაგროვეს, რომელიც ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებში გადანაწილდება.
ალილოს მონაწილეებს მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ, შობა მიულოცეს და საახალწლო ნობათები გადასცეს.
„გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. სულიერ სიმშვიდეს, ბედნიერებას, სიხარულს და უკეთესი მომავლის რწმენას გისურვებთ. დღევანდელი დღის მადლი შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს", - განაცხადა გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ.
მივიწყებული ალილოს ტრადიცია საქართველოში რამდენიმე წელია რაც აღდგა და საყოველთაო დღესასწაულის სახე მიიღო. ყოველი წლის 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე ალილოს მსვლელობაში ათასობით მართლმადიდებელი მონაწილეობს.