logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ტკივილი ტკივილად რჩება, არაფერი მოჰკლებია!
- +

7 იანვარი. 2017. 21:51


 


ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:


„1992 წლის 6 იანვარი. ზუსტად 25 წელიწადი გასულა მას შემდეგ. არ ვიცი, ეს ბევრია თუ ცოტა, მაგრამ ტკივილი ტკივილად რჩება, არაფერი მოჰკლებია!

 

6 იანვარს საქართველოს პირველი პრეზიდენტი გააძევეს თბილისიდან. ავაზაკებმა თითქოს კორიდორი გაუხსნეს, მაგრამ სანაპიროზე ტყვიები დაუშინეს. მანქურთებს მაინც არ უნდოდათ, რომ ზვიად გამსახურდია ცოცხალი დარჩენილიყო. არ უნდოდათ, რადგან მშვიდად მაინც ვერ დაიძინებდნენ!

 

6 იანვარს კახეთში წავედი... როცა დიდუბეში ნავთობით დატვირთული მატარებელი ააფეთქეს და ალმა ლამის ჩემი სახლის ფანჯრებამდე უწია, ბავშვები გავარიდე თბილისს.

 

შუაღამისას ტელევიზორში გამოდის ასევე მანქურთი დიქტორი, თენგიზ ნათაძე და გახარებული აცხადებს: დიქტატორ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება დაემხო, საქართველო თავისუფალიაო, ამიერიდან დემოკრატიული მთავრობა გვეყოლებაო. წვერმოშვებულ ნათაძეს „ტელეგრეიკა" ეცვა, საველე პირობებში მუშაობდა, ალბათ დიდი ხნის დაუბანელიც იყო!

 

გააგდეს, გააძევეს, სიკვდილი მიუსაჯეს პირველ პრეზიდენტს, რომელიც სულ იძახდა: ისინი თუ ტყვიებს გვიშენენ, ჩვენ ვარდები ვესროლოთო. დიახ, ასეთი „დიქტატორი" გახლდათ ზვიად გამსახურდია და მგონი ეს იყო მისი მთავარი სისუსტე. როგორ შეიძლება, მოღალატეები ვარდებით მოათვინიერო?!

 

პირველმა პრეზიდენტმა იწინასწარმეტყველა: ნუ იზამთ ამას, ნუ ააოხრებთ საქართველოს, ნუ გადაუდგებით კანონიერ ხელისუფლებას, თორემ ძმა ძმას გადაეკიდება, მეზობელი - მეზობელს, ნათესავი - ნათესავს და რაც მთავარია, სიტუაციის გამოსწორებას, ქვეყნის ფეხზე დაყენებას ათეული წლებიც არ ეყოფაო!

 

აკი ასეა? აკი ვეღარ ვდგებით ფეხზე და ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ ვართ გადაკიდებულნი?!

 

6 იანვარს, პირადად ჩემს ცხოვრებაში, რაღაც დამთავრდა, რაღაცა მოკვდა... 25 წელიწადი გავიდა და ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ, რა მოკვდა... არ ვიცი, იქნებ საქართველო მოკვდა და ამიტომაც ვტრიალებთ ერთ წრეზე უაზროდ?!

 

ერთი რამ დანამდვილებით ვიცი - ილიას მკვლელობის შემდეგ კიდევ ერთი მძიმე ცოდვა წამოვიკიდეთ, რომელსაც ვეღარასოდეს გამოვისყიდით. ვიცი, მე და თქვენ არ მიგვიძღვის წვლილი ამ ცოდვაში, მაგრამ ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა, მაინც დამნაშავეები ვართ!

 

გვაპატიეთ, ბატონო პრეზიდენტო, თუკი ეს შესაძლებელია..." - წერს გელა ზედელაშვილი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner