შპს „ნარიყალას" დირექტორი ნოდარ ტოტოღაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის გოგირდის აბანოები კონკრეტული პირების ახირებას ეწირება და ვითარებაში გარკვევისთვის შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს ერთი კვირის ვადას აძლევს, რათა დაიცვან დედაქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალი კვირიდან აბანოების დაკეტვით იმუქრება.
როგორც „სითი კვირას" ნოდარ ტოტოღაშვილმა განუცხადა, ცხრა წელია ამ ბიზნესს აწარმოებს და გოგირდის აბანოები დღემდე საკუთარი სახსრებით, უცხოელი ინვესტორების დაუხმარებლად შეუნარჩუნა თბილისს.
„აქაურობა გაპარტახებული იყო. ჩვენ შევინარჩუნეთ მისი სახე ძველი თბილისის სტილში. გოგირდის წყალი, თავისი თვისებიდან გამომდინარე, აზიანებს რკინას, პლასტმასს, ყოველდღიურად ფუჭდება ელექტროგაყვანილობა, შენობა-ნაგებობას ხელის შევლება და გამაგრება სჭირდება. შარშან გავარემონტეთ საერთო დარბაზი ისე, რომ აბანოს მუშაობა ერთი წუთითაც არ შეუწყვიტავს", - აცხადებს ტოტოღაშვილი.
მისივე თქმით, გოგირდის აბანოებსა და „ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერს" შორის კონფლიქტი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ამ უკანასკნელის აქციების ნაწილი „საქართველოს ბანკმა" შეიძინა და კომპანიის მართვა მთლიანად ჩაიბარა. მას შემდეგ გოგირდის აბანოებისგან მოითხოვეს ინფორმაცია, რამდენ კუბომეტრ წყალს მოიხმარენ დღეში, რათა წყლის დაღვრის გადასახადი განუსაზღვრონ.
„საუბარია საკანალიზაციო ქსელში ჩამდინარე წყალზე. ჩვენ შემოსავალი არ გვაქვს წყლის ყოველი მოხმარებული ლიტრიდან, შეიძლება დღე გავიდეს და ერთი კლიენტიც არ შემოვიდეს ნომრებში. საბოლოო ჯამში 15-ჯერ გაგვიზარდეს გადასახადი, რაც თვეში დაახლოებით 10 000 ლარს შეადგენს. ეს არის ბანკირების პოზიცია. სარჩელი შეიტანეს სასამართლოში და ექვსივე აბანო დააყადაღეს", - აცხადებს „ნარიყალას" დირექტორი.
მისივე თქმით, მანამდე „ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერთან" სიტყვიერი მოლაპარაკების საფუძველზე, გონივრულ ტარიფზე იყვნენ შეთახმებულნი და დღესაც, კონფლიქტის მიუხედავად, ძველი ტარიფით განაგრძობენ გადახდას.
„სითი კვირას" კითხვაზე, გოგირდის აბანოების დახურვისა და ცხელი წლის გადაკეტვის შემთხვევაში დედაქალაქს შეექმნება თუ არა საფრთხე? ნოდარ ტოტოღაშვილმა განმარტა, რომ მიწიდან ბუნებრივად ამომავალი წყლის დაკეტვის შემთხვევაში, შესაძლებელია, გოგირდის წყალი დაიკარგოს ან ახალი საშიშროება შეიქმნას, წყალმა სხვა ადგილას ამოხეთქოს.
„კატეგორიულად დაუშვებელია ჭაბურღილის დაკეტვა. ეს წყალი 2 500 მეტრის სიღრმიდან ამოდის. შეიძლება, ვიღაცას ჰგონია, რომ სადღაც აქვეა... ამ პოზიციას იზიარებს გარემოს დაცვის სამინისტროც. აბანოებს საკუთარი საკანალიზაციო მაღაროების ქსელი აქვს და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" ერთი მილიც არ შეუმატებია. ეს საკანალიზაციო კომუნიკაცია საუკუნეების წინ შეიქმნა", - აცხადებს ტოტოღაშვილი და დასძენს, რომ ვითარებაში გარკვევის თხოვნით, ექვსივე აბანოს ხელმძღვანელებმა რამდენიმე დღის წინათ წერილობით მიმართეს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსაც.
პრობლემა უკვე 6 თვეა გრძელდება. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გამოთვლებით, გოგირდის აბანოებს 90 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებიან თავად აბანოების დირექტორები.