logo_geo
eng_logo
ლალა ბეგლარაშვილის წიგნის „ღიმილი ჩემი სამალავია“ პრეზენტაცია გაიმართება
- +

25 მარტი. 2016. 11:23


27 მარტს, ათონის დარბაზში, ახალგაზრდა პოეტის ლალა ბეგლარაშვილის წიგნის „ღიმილი ჩემი სამალავია" პრეზენტაცია გაიმართება. ეს პოეტის პირველი კრებულია, რომელიც მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, ოჯახის ძალისხმევით გამოიცა.



წიგნში თავმოყრილია ახალგაზრდა პოეტი გოგონას ლექსები, ჩანახატები, ნოველები, რომელსაც მკითხველს პირველქმნილი, მისეული ხელწერით სთავაზობენ.



წელს ლალა ბეგლარაშვილს 28 წელი შეუსრულდებოდა. მას ადამიანების სიყვარული  აწერინებდა და მიაჩნდა, რომ სიყვარულით გაჯერებული სათქმელი აუცილებლად მივიდოდა ადამიანის გულამდე.



მკითხველისთვის პეშვში სიყვარული მაქვს შეგროვილი, ხელისგუები მინდა გაშალონ, რომ გავუნაწილო... ჩემი სიყვარული ულევია, მზესთან მოლაპარაკება მაქვს და, ვიცი, არ დამიყადაღებს. სიკეთე გზაა გადარჩენისთვის, განა ერთის და ორის... არა, ქვეყნის გადარჩენისთვის", - ამბობდა იგი ინტერვიუში, რომელიც ახალგაზრდა პოეტის გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე ჩაწერეს.



საღამო შინაარსობრივად საქველმოქმედო ხასიათს ატარებს, წიგნის წარდგინებასთან ერთად პოეტის მეგობრები და ახლობლები პოეტის სიცოცხლეში დაწყებულ კეთილ საქმეებზე ისაუბრებენ. ორგანიზაცია „მომავლის შანსი", რომლის საქმიანობაშიც პოეტი საკუთარ სიცოცხლეში აქტიურად იყო ჩართული,  ლალა ბეგლარაშვილის სახელობის სტიპენდიას დააწესებს. დაფინანსდება სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ორი სრულწლოვანი, რომელთა სწავლის საფასურს ორგანიზაცია „მომავლის შანსი" უზრუნველყოფს.



ღონისძიების ორგანიზატორები არიან ჟურნალისტი ირმა მირზაშვილი და სოციოლოგი რუსუდან ჭელიძე. საღამოს ახალგაზრდა პოეტი გიორგი ბალახაშვილი გაუძღვება. მუსიკალურად გააფორმებს პოეტის ბავშვობის მეგობარი მარიკო ებრალიძე. ოჯახი ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებთან ერთად მადლობას უხდის საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების" ჟურნალისტებს, წმ.სტეფანე აღმსარებლის სახელობის კულტურულ- საგანანათლებლი სახლს „კენოზისი".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner