ავტორი ალა გრიგალაშვილი
„მმართველი კოალიციის საარჩევნო სიაში ძალიან ბევრი ახალი სახე, რა თქმა უნდა, იქნება", - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა გია ჟორჟოლიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ის, როგორც პარტია „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის" თავმჯდომარე, მიესალმება ახალი სახეების გამოჩენას მმართველ გუნდში. მისი თქმით, საერთო სიაზე მსჯელობა ჯერ არ მიმდინარეობს, მაგრამ ცალკეულად პარტიაში ამის შესახებ საუბრები უკვე არის.
„არამარტო „ქართულ ოცნებას" ან „სოციალ-დემოკრატებს", არამედ მთელ ჩვენს პოლიტიკურ ელიტას სჭირდება განახლება. ასპარეზზე გამოჩნდებიან ძალიან კომპეტენტური ადამიანები... პოლიტიკური ელიტა უნდა შეიცვალოს. 25 წელია ერთი და იგივე დისკურსი და თემები ტრიალებს. ამ თემებიდან რიგი საკითხებისა, ჩვენ გადავწყვიტეთ, მაგალითად, დემოკრატიის ზოგადი პრინციპები, სიტყვის თავისუფლების პრონციპები, ავტორიტარული მექანიზმების გაუქმება და ა.შ. ეს პრიორიტეტები შეგვიძლია მოვაქციოთ ერთი ქუდის ქვეშ, ამ ქუდს ჰქვია განვითარება, რაც ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანაა..." - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.