logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: ასეთ ვითარებაში შეიძლება მქონდეს კიდეც სურვილი, რომ სამართლის სფეროს დავუბრუნდე
- +

9 იანვარი. 2017. 12:58


 



საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მანანა კობახიძე შესაძლოა პოლიტიკიდან წავიდეს. ამ შესაძლებლობას „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში თავად მანანა კობახიძე არ გამორიცხავს და ამბობს, რომ დღევანდელ ვითარებაში შესაძლოა ჰქონდეს სურვილი, რომ სამართლის სფეროს დაუბრუნდეს. გთავაზობთ ამონარიდს მანანა კობახიძის ინტერვიუდან.


- რამდენად რეალურია ხმები იმის შესახებ, რომ მალე აქტიურ პოლიტიკას დატოვებთ და პარლამენტის კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნებით?


- რადგან მკითხე, გეტყვი, რომ მოსამართლის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჯერ ნამდვილად არაფერი არ არის გადაწყვეტილი, ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოში რა ვაკანსიაც არის, ეს კვოტა უნდა შეავსოს პარლამენტმა. ამიტომ უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკანონმდებლო ორგანო. უხერხულიცაა საკუთარ თავზე საუბარი.


მე, როგორც იურისტი, მთელი არაპოლიტიკური საქმიანობის განმავლობაში აქტიურად ვიყავი ჩართული ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ახლო შეხება მქონდა კონსტიტუციურ სამართალთან, გახლდით არაერთი კონსტიტუციური სარჩელის ავტორი. სწორედ საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმართულებით დავიწყე ჩემი იურიდიული პრაქტიკა „კონსტიტუციის 42-ე მუხლში".


ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეზე მეტად საპატიო და საპასუხისმგებლო პოზიცია რა უნდა იყოს?! თუმცა ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა და სხვა არაფერი, დანარჩენი პარლამენტის გადასაწყვეტია.


- ფიქრობთ, რომ პოლიტიკაში საკუთარი თავი ამოწურეთ?


- ჩემი პოლიტიკაში მოსვლის მიზეზი გახდა ის მძიმე ვითარება, რომელიც მაშინ ქვეყანაში სუფევდა. ყოველი ფეხის ნაბიჯზე უხეშად ირღვეოდა ადამიანის უფლებები. პოლიტიკური ნების გარეშე ამ ქვეყანაში პრაქტიკულად შეუძლებელი ხდებოდა რაიმეს შეცვლა. დღეს ვითარება მნიშვნელოვნად არის შეცვლილი.


ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციის შეცვლაში მცირე და მოკრძალებული წვლილი მეც შევიტანე. ძალიან დიდი გარღვევაა სასჯელაღსრულების სისტემაში, სასამართლოში და ზოგადად, ადამიანის უფლებების მხრივ. ცხადია, ასეთ ვითარებაში შეიძლება მქონდეს კიდეც სურვილი, რომ სამართლის სფეროს დავუბრუნდე. ამაში გასაკვირი არაფერია.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner