„ნაციონალური მოძრაობის" დაშლის შანსი „ქართული ოცნების" ხელმძღვანელობას ხელიდან რომ გაეშვა, პირდაპირ ვიტყვი, სულელები იქნებოდნენ", - ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
მისი თქმით, გაყოფა რთული იქნება, ხოლო მიხელ სააკაშვილის ძალაუფლების შესანარჩულებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდება.
„აშკარაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს საკუთარი ხელითვე აშლევინებენ პარტიას. გაყოფა არ იქნება ადვილი. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია, თუ ვის დარჩება პარტიის სახელი. როგორც ვატყობ, ბრენდის წართმევაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ამის ნიშანია სერგო რატიანის მოთხოვნა, რომლითაც მან ცესკო-ს მიმართა და პარტიის საარჩევნო სიიდან რამდენიმე პირის ამოღება მოითხოვა. მოკლედ, სერიოზული ბრძოლა მიდის. მიხეილ სააკაშვილს ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ის აქ არ არის და სკაიპის მეშვეობით ჩართვებით ამდენ პრობლემას ვერ მოაგვარებს. მართალია, რიგითი წევრების დიდი უმრავლესობა მის მხარეს არის, მაგრამ ლიდერების უმრავლესობა აშკარად ბოკერია-უგულავას ფრთაზეა. ძალიან სერიოზული ბრძოლა გველის წინ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ფაქტია, ის, რაც თქვა ივანიშვილმა წლების წინ, რომ დაშლიდა „ნაციონალურ მოძრაობას", სრულდება", - განაცხადა არეშიძემ.