საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტია აღმოჩენილი. ობიექტი ივრის ნაპირზე, კოწახურას ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.
სავარაუდოდ, ობიექტი ანტიკური ხანის ნაქალაქარს წარმოადგენს, რომელთანაც ბრინჯაოს ხანის ყორღანი მდებარეობს და რომლის მასშტაბიც, აქამდე შესწავლილ ყორღანებს აღემატება.
„ესაა ალიზის ნაგებობებით დაგეგმარებული კომპლექსი. ალიზის კედლების სისქე 1-1.2 მეტრს შორის მერყეობს. ნაგებობათაგან ნაწილი წრიულია, ნაწილი კი მართკუთხა. ალიზის კედლებს ეტყობათ ძლიერი ხანძრის კვალი. ზედაპირული დაზვერვით დაფიქსირებულ მასალას თიხის ბათქაშები, წითელი საღებავით მოხატული ჭურჭლის ფრაგმენტები და სალესი ქვები შეადგენს. აღმოსავლეთით, მის მომიჯნავედ, 115 მ დიამტერისა და დაახლოებით 20მ სიმაღლის ყორღანია", - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ 2017 წელს დაგეგმილია კომპლექსის კვლევის დაწყება, რომელშიც ჩართულები იქნებიან საერთაშორისო წამყვანი არქეოლოგიური ინსტიტუციები.