CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა დონალდ ტრამპს 6 იანვარს ნიუ-იორკში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ინფორმაცია მიაწოდეს იმის თაობაზე, რომ რუსეთის სპეცსამსახურები მასზე პირადი და ფინანსური ხასიათის კომპრომატს ფლობენ.
თავის მხრივ, CNN აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებისგან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა.
CNN-ის წყაროს ინფორმაციით, რუსეთის სპეცსამსახურებმა აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტზე კომპრომატი მისი მოსკოვში 5-დღიანი ვიზიტისას მოიპოვეს, მათ შორის, სექსუალური ხასიათის ჩანაწერები.
აშშ-ის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა სავარაუდოდ, ვერ შეძლეს აღნიშნული ფაქტის გადამოწმება, თუმცა საკმაოდ სერიოზულად ჩათვალეს და საიდუმლო ანგარიშში ჩართეს, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას ეხება.
წყაროს ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გასცა ტრამპის ოპონენტებზე, მათ შორის ჰილარი კლინტონზე ინფორმაციის შეგროვების თაობაზე.
დონალდ ტრამპი სოციალური ქსელის „ტვიტერის" პირად გვერდზე გამოეხმაურა ამ ინფორმაციას და აღნიშნა, რომ „ადგილი აქვს პოლიტიკურ ნადირობას კუდიანებზე".