logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: „ჩვენ ვეძებთ ტალანტებს!“
- +

11 იანვარი. 2017. 16:14


 

 


დღეს „პალიტრა-ტვ-მ" მეტისმეტად დამაფიქრებელი ტელესიუჟეტი გაავრცელა:


„14 წლის საქართველოს ჩემპიონი, რომელიც ვაგზალზე ლიმონის გაყიდვით ოჯახს არჩენს.

აიდანის ბადიროვი თავისუფალ ჭიდაობაში არაერთხელ გამხდარა ქვეყნის ჩემპიონი. ჭიდაობაზე ბავშვობიდან დადის, ეს სპორტი მისი გატაცებაა. ოცნებობს, რომ დიდ წარმატებას მიაღწიოს, თუმცა მის ოჯახს უკიდურესად უჭირს და ბევრჯერ ჭიდაობაზე უარის თქმაც მოუწევდა, მწვრთნელები რომ არ ეხმარებოდნენ."


ამ პუბლიკაციის გაცნობის შემდეგ, პირველი რაც გამახსენდა, იყო რუბრიკა, რომელიც აშუქებდა 40 წლის წინათ დაწყებული და შემდგომ წლების მანძიზე გაგრძელებულ მოძრაობას- „ჩვენ ვეძებთ ტალანტებს".


უფროს და საშუალო თაობელ „ფრენდებს", ალბათ, გახსოვთ: ყველა სფეროში ვეძებდით გამორჩეულ ბავშვებს, მოზარდებს...


კომკავშირი და საქართველოს ტელევიზია პატრონობდნენ ამ საქმეს. ბევრი ტალანტი „აღმოვაჩინეთ" მაშინ: გუცაევი, წიკლაური (ნუგზარი არა, თემური), რევაზიშვილი...


წავიდა ის დრო.


მოვიდა ახალი დრო, უკეთესი, უფრო ძვირფასი საჩუქრებით... „აკადემია"... „ნიჭიერი"... „X-ფაქტორი"... გულწრფელად მიხარია, რომ „რუსთავი 2" არ ყოფს მონაწილეებს „პატრონიანებად" და „რიგითებად"! ის მფარველობს ყველას: ცნობილი თუ ჩვეულებრივი ოჯახისშვილებს, ყველას, ვინც აშკარად აშკარად ნიჭიერია. თანაც მთელი საქართველოს თვალწინ...


თავად განსაჯეთ, როცა ბოლო სამი წლის გამარჯვებულებს გაიხსენებთ: ხველვაჩაურელი (თუ არ ვცდები) გიორგი ნაკაშიძე, ლაგოდეხელი ტრაქტორისტი გოგონა-უნიჭიერესი „მსუქანა" ანგელოზი, ბათუმელი ავთანდილ აბესლამიძე... (ისე, დანამდვილებით ვიცი, რომ აჭარის და ბათუმის მერიის ჩინოსნებიდან, ბევრმა არც კი იცის ამ უნიჭიერესი ახალგაზრდების არსებობა. ესეც მრავლიმეტყველია. აბა, ასლანის დროს გაემარჯვათ იქაურებს და ნახავდით შედეგს. ვერაფერს გეტყვით ლაგოდეხელებზე...)


ერთი სიტყვით, ასევე, სამადლობელია „იმედი" თავისი „ნუცას სკოლით" და... თუნდაც, ელიტარული ცეკვის კონკურსით...


ალბათ, სხვებსაც აქვთ „რაღაც-რაღაცეები" და ეს მხოლოდ დადებით ემოციებს იწვევს.


მაგრამ, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო: ეს სატელევიზიო პროექტებია. მხოლოდ!


ცხოვრება, რეალობა კი არ ეტევა და ვერც ჩაეტევა მხოლოდ ამ სატელევიზიო პროექტებში. სხვა გაქანებაა საჭირო, სხვა მასშტაბი, მრავალფეროვნება.


გვემახსოვრება, მთელ საქართველოში ტარდებოდა, თუნდაც, ეზოების ფეხბურთელთა გუნდების ჩემპიონატები, უბნების... სპორტის სასახლესაც კი უთმობდნენ ამ მოასპარეზეებს...


ყველა რაიონულ ცენტრში კვირაობით ეწყობოდა მოჭიდავეთა შეჯიბრები. ასეთ ტურნირზე აღმოაჩინეს ბიჭუნა - ლევან თედიაშვილი, რომელიც შემდგომ მსოფლიო ლეგენდა გახდა, რომელთანაც ნაცნობ-მეგობრობით ირანის შაჰიც კი „ამაყობდა"...


დღეს, რაღაც, თითქოს, ჩაკვდა ეს სფერო, ეს მიმართულება. ყოველ შემთხვევაში, მედიის ყურადღების ქვეშ რატომღაც არ არის მსგავსი ღონისძიებები. არადა, როგორ არის საჭირო. აი, თუნდაც იმის საპირისპიროდ, რასაც „გირჩის" მარიახუანული ეპოპეა ქვია და რაც სამარცხვინოდ იზიდავს მავანის ყურადღებას.


ჩვენთან, მგონი (!!!), არსებობს ახალგაზრდობის და სპორტის სამინისტრო, რომელსაც საზოგადოებაში ფრიად ავტორიტეტული !) და უმწიკვლო (!) რეპუტაციის მქონე ცნობილი ბიზნესმენი, უახლოესი წარსულის უცნობილესი ექსჩინოვნიკების მეგობარი და ბიზნესპარტნიორი თავკაცობს. (ყოველ შემთხვევაში, ეს ასე უნდა იყოს.) ახალგაზრდობის პრობლემებით ამ სამინისტროს დიდი დაინტერესება მედიისთვის მანდამაინც ცნობილი არ არის, მაგრამ, სხვა მხრივ (მაგალითად, ფედერაციების არჩევნები, ფეხბურთის ბილეთების განაწილება...) სამინისტროს აქტიურობაზე, რა თქმა უნდა, ინფორმაცია ჟონავს...


ასევე, ჩვენი ოლიმპიურ კომიტეტსაც სახელოვანი სპორტსმენი და არანაკლებ სახელოვანი ბიზნესმენი მეთაურობს...


ასეა პარლამენტშიც. ჩვენი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მსგავსად, არსად, მსოფლიოს არცერთ პარლამენტში არ არის დეპუტატად წარმოდგენილი ამდენი სპორტსმენი (მოჭიდავე, ფეხბურთელი). მათ ისეთი „რეჩები" დაარტყეს ამ ორიოდე დღის წინ ჩატარებულ დაჯილდოვების მშვენიერ ცერემონიალზე, რომ... გულს უხაროდა და იმედით ავსებდა!


აი, წინა საპარლამენტო დარგობრივი კომიტეტის ძველ შემადგენლობასაც ყველაფერი ადარდება, ყველაფერზე ფიქრობდა, მათ შორის, მაგალითად, ვაკეში ჭიდაობის სასახლის გასხვისებაზეც ფიქრობდა „ავარიულობის" მომიზეზებით და საგანგებო წერილით თავაზობდა კიდეც ქალაქის მერიას ამ ძვირადღირებულ „სამშენებლო" ადგილს. და როგორც „ბოროტი ენები" ჩურჩულებდნენ, ეს „საინტერსო" პერსპექტივა მაშინ უბრალოდ ჩაიშალა, რამეთუ ვერ „მოერივნენ" აბუნტებულ სახელიან მოჭიდავეებს...


და როცა ეს სპორტის და სპორტსმენების ბედ-იღბალზე ერთობ და მუდმივად დაფიქრებული „მოდეპუტატო" სპორტსმენ-ბიზნესმენები მსგავს „ბრძნულ" კომბინაციებს „ატრიალებენ", მაშინ აი ეს ბიჭუნა და მისი მსგავსი არაერთი ნიჭიერი ყმაწვილი, იმის მაგივრად სპორტულ დარბაზში ხვეწდეს ტალანტს, ოჯახის და საკუთარი თავის შესანახად ბაზრობებზე გათოშილილნი კაპიკებს აგროვებენ...


ადგება „პალიტრა-ტვ"-ს ამ პუბლიკაციის შემდეგ ვინმე „უცხოელი მეზობელი", მოკიდებს ამ ბიჭს ხელს, წაიყვანს, გაზრდის და... რომელიმე საერთაშორისო ასპარეზობაზე გამარჯვებულებულების კვარცხლბეგზე ასული ამ და მისი მსგავსი რაინდების პატივსაცემად აჟღერდება ჰიმნი... არა საქართველოსი, არამედ, მაგალითად, აზერბაიჯანის... საბერძნეთის... რუსეთის... უკრაინის...


და სხვისი (!) ჰიმნის მელოდიის ფონზე ჩვენ გულზე ხელის ბრაგუნით „ვიტრაბახებთ": ეს ჩემპიონი ხომ ჩვენ მიწაზე დაიბადა, აქ აიდგა ფეხი... აი, ასეთი მაგრები ვართ ქართველები!


რა, არ მომხდარა ასე, არ ხდება ახლა თუ არ მოხდება ხვალ?..


რა კარგად თქვა პოეტმა, „საქართველო, შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავი!"


სხვათაშორის, მას მოჭიდავეებიც ყავდა მხედველობაში!


შენ დაუკა!!!!


P.S.: "პალიტრა-ტვ"-ს და "IPN"- ს მადლობა!



 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner