logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: კარასინის განცხადება არ იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პოზიცია!
- +

25 მარტი. 2016. 13:12


 რუსეთმა აღშფოთება გამოთქვა საქართველოსა და NATO-ს შორის თანამშრომლობის გააქტიურების გამო. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრეგორი კარასინმა ახლახან გააკეთა საკმაოდ აგრესიული განცხადება საქართველოს მიმართ.



ამ თემასთან დაკავშირებით „რეპორტიორს" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ესაუბრა. მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში, როცა მსოფლიოში ახალი წესრიგის ფორმირების მცდელობებია და გეოპოლიტიკური ვითარება ელვისებურად იცვლება, საქართველოს მხარე მაქსიმალურად თავშეკავებული უნდა იყოს გამონათქვამებში და აქტიური ქმედებებში. მისივე თქმით, რუსეთის ზეწოლას აქვს დღის წესრიგის ფორმა.


„ჩვენი ვექტორი დასავლეთის მიმართულებით არ იცვლება და არც უნდა შეიცვალოს, ეს რუსეთისთვის სტაბილურად გამაღიზიანებელია, რაც  წლების განმავლობაში გრძელდება. მოსკოვში ძალიან კარგად აცნობიერებენ, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება უახლოეს მომავალში არ მოხდება, თუნდაც ძველი ევროპის წამყვანი ქვეყნების კატეგორიული წინააღმდეგობის გამო, ვგულისხმობ საფრანგეთს და გერმანიას. აქედან გამომდინარე, მათ ზეწოლას აქვს დღის წესრიგის ფორმა. რუსეთი ასეთი პოზიციის გააქტიურების მიზეზად ასახელებს იმას, რომ, თითქოს საქართველოს მხრიდან დაგროვდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები და თინა ხიდაშელის განცხადება ბოლო აკორდი იყო.

 

რაც შეეხება კარასინის განცხადებას, - ეს უფრო იყო პასუხი ქართველი ჟურნალისტების კითხვაზე. ეს სპეციალურად გაკეთდა იმ ფორმით, თითქოს ეს იყო კარასინის პოზიცია. ხაზი არ გაესვა, მაგრამ გამგები გაიგებდა, თითქოს ეს არ იყო ვითომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ კარასინი ოფიციალური პირია და ოფიციალურ შეხვედრაზე იმყოფებოდა, მაინც მოხდა მინიშნება, რომ ეს არ იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პოზიცია. საგარეო საქმეთა სამინისტრო ასეთ შემთხვევებში ავრცელებს ოფიციალურ განცხადებას თავისი უწყების სახელით. ის განწყობები, რომლებიც დღეს მოსკოვში არსებობს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის  და საერთოდ იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც საქართველო ახორციელებს, კარასინმა გააჟღერა, ოღონდ ნახევრად ფორმალურ ვითარებაში.

 

უფრო მძიმე იყო პუტინის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ კარასინი ე.წ სამხრეთ ოსეთის საზღვრის დემარკაციის კურატორად დაინიშნა. ამავე დროს, რუსეთის პოლიტიკის ჩვეულებაა და საერთოდ დიდ ქვეყნებს ახასიათებთ ასეთი რამ, ერთი ხელით ერთ საქმეს აკეთებს, მეორე ხელით - მეორეს. ერთი მხრივ, კარასინი ამ თანამდებობაზე დანიშნეს და მეორე მხრივ, კარასინისგან გააჟღერეს ის, რომ კონფლიქტების პრევენციის საბჭოს მუშაობა აფხაზეთში აღდგა, რაც მოხდა ორი დღის წინ და ქართულმა მედიამ რატომღაც არ მიაქცია ყურადღება".

 

არეშიძემ ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს საქართველო შექმნილ ვითარებაში. მისი თქმით, საქართველოს მხარე მაქსიმალურად თავშეკავებული უნდა იყოს გამონათქვამებში.

 

„შექმნილ ვითარებაში, როცა მსოფლიოში ახალი წესრიგის ფორმირების მცდელობებია და გეოპოლიტიკური ვითარება ელვისებურად იცვლება, საქართველოს მხარე მაქსიმალურად თავშეკავებული უნდა იყოს გამონათქვამებში და აქტიურ ქმედებებში. ქმედებებს ვგულისხმობ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით. ტრიბუნიდან საუბარი ძალიან იოლია და რიგ შემთხვევებში არანაირი შედეგი არ მოაქვს.

 

რუსეთის მხრიდან არანაირ საფრთხეს არ ველოდები, რადგან ახლა მას არ აქვს ამის არც რესურსი და არც საშუალება. რუსეთი სერიოზულად არის დაკავებული უკრაინული პრობლემებით, პუტინმა განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ სავჩენკოს უკრაინას გადასცემს, გარკვეული პირობების ნაცვლად, მაგრამ მაინც.

 

მნიშვნელოვანია, რომ კარასინმა ჟურნალისტებთან საუბარში მიანიშნა არჩევნებთან დაკავშირებით. არ ვიცი, მოხდება თუ არა განსაკუთრებული ექცესები, მაგრამ ამაში რუსეთს რა როლი ექნება, ამის თქმა გამიჭირდება. თუმცა ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან გარკვეული ექცესები მოსალოდნელია. რუსეთი დაინტერესებულია, საქართველოში იყოს ისეთი მთავრობა, რომელიც დაახლოებას მოინდომებს მასთან და გარკვეულ პოზიციებზე უარს იტყვის, ეს ფაქტია, მაგრამ რამდენად მოახერხებს, ეს უკვე ქართველ საზოგადოებაზეა დამოკიდებული", - ამბობს მამუკა არეშიძე.



განცხადება იხილეთ ლინკზე

http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=3415


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner