სამართალდამცავებმა პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული პირები დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევიდან რამდენიმე საათში 3 პირის აყვანა მოხდა.
მათივე განმარტებით, დაკავებულებს ბრალად პოლიციელის დაჭრა ედებათ. საქმეს პროკურატურა იძიებს.
თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე პოლიციელი წუხელ დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელი საბურთალოს ქუჩაზე ფეხით გადაადგილდებოდა, როდესაც დაინახა სამი მოქალაქე, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ. პოლიციელმა მათ კანონის შესაბამისი მოქმედებებისკენ მოუწოდა, რამაც აღნიშნულ მოქალაქეებში აგრესია გამოიწვია. მათ პოლიციის თანამშრომელს დანით ჭრილობები მიაყენეს.
დაჭრილი პოლიციელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში წუხელვე გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.