logo_geo
eng_logo
ვინ არის „მასტერა“ - გახმაურებული დანაშაულები, რომლებიც გიორგი დგებუაძის სახელს უკავშირდება
- +

25 მარტი. 2016. 13:20


ნიდერლანდების სამეფოდან საქართველოში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი გიორგი დგებუაძის, იმავე „მასტერას" ექსტრადირება განხორციელდა. კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით ჩამოიყვანეს.


ვინ არის სააკაშვილის მთავრობის მაღალჩინოსანი „მასტერა", რომელიც ძებნაში 2013 წლის 7 მარტიდან იმყოფებოდა?


„ვარდების ხელისუფლების" ჯალათად წოდებულ პოლიციელზე საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის. როგორც ცნობილია, მის ბიოგრაფიას გრიფი „საიდუმლო" ადევს, მედიაში პერიოდულად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გია დგებუაძე, იგივე „მასტერა" გასული საუკუნის 90-იან წლებში ცნობილი „იოსებიძელების" საძმოს წევრი იყო (საძმო მეტწილად იოსებიძისა და მისი მეზობელი ქუჩების მცხოვრები ახალგაზრდებისგან შედგებოდა, რომელსაც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული იმხანად ყველაზე თავზეხელაღებულ „კულინარიელებთან". იმდროინდელი განგსტერული ქრონიკების გმირები „მასტერას" ვერ იხსენებენ, თუმცა, ამბობენ, რომ ზუგდიდელი კანონიერი ქურდის, ზურაბ დგებუაძის (ზუგდიდსკის) ნათესავია. სავარაუდოდ, კრიმინალურ სამყაროსთან მისი ურთიერთობაც აქედან მოდისო.


პროკურატურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2005 წლიდან გიორგი დგებუაძე იკავებდა შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსის თანამდებობას, ხოლო მოგვიანებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას ბრძანებით დაინიშნა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს უფროსად.


გიორგი დგებუაძეს ბრალად ედება 2006 წლის 12 იანვარს, კუდ-ის უფროსთან დავით ახალაიასთან და ამავე დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ნავთლუღის ავტოსადგურში სამი ახალგაზრდის - შოთა გორგაძის, მარად ართმელაძისა და რომან სურმანიძის წინასწარ დაგეგმილ მკვლელობაში მონაწილეობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. 21 წლის რომან სურმანიძე, 17 წლის შოთა გორგაძე და 23 წლის მარად ართმელიძე მაშინ საშიშ დამნაშავეებად გამოაცხადეს. ოფიციალური ვერსიით, ახალგაზრდები პატიმარ გიორგი გორგაძესთან შეთანხმებით, მსჯავრდებულების ციხიდან გაქცევის მიზნით, რუსთავის ციხეზე შეიარაღებულ თავდასხმას გეგმავდნენ. მოკლულთა შორის პატიმარ გორგაძის 17 წლის ძმა, შოთა გორგაძეც იყო. ინფორმაცია „ციხეზე შესაძლო თავდასხმის" შესახებ კუდ-ში შევიდა. ამის საფუძველზე კი ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. ბიჭებს 10-11 ტყვია ჰქონდათ მოხვედრილი...


„მასტერას" ცოდვები


დათა ახალაიას მარჯვენა ხელმა გიორგი დგებუაძემ საქართველო არჩევნების შემდეგ დათა ახალაიასთან ერთად დატოვა. „მასტერა" ცნობილი იყო, როგორც ზონდერჯგუფების ხელმძღვანელი. მას ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და წამების ორგანიზება ედება. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, დგებუაძის სახელი ფიგურირებს ნავთლუღის სპეცოპერაციის, ასევე რეინჯერ დავით ცინდელიანის, თავდაცვის სამინისტროს მზვერავ პაატა ქარდავასა და ბათუმელი სამხედრო მზვერავ როინ შავაძის მკვლელობის საქმეში. მისმა სახელმა ასევე გაიჟღერა ბადრი პატარკაციშვილისა და ოპერაცია „ენვერის" საქმეებში.


2007 წელს, როდესაც ქართველი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვამ იმდროინდელ ხელისულებას მოსვენება დაუკარგა, სპეცსამსახურებმა საქმეში გარკვევა და ბოლომდე მიყვანა, „მასტერას" მიანდეს. მან მსგავსი საქმეების უბადლო ოსტატი უვაის ახმადოვი გაიხსენა... ისინი ერთმანეთს სავარაუდოდ, დუბაიში შეხვდნენ. ცხრა ძმა ახმადოვს ჩეჩნეთში ყველა იცნობდა. ომის დროს საველე მეთაურები იყვნენ, მშვიდობიანობის დროს კი ადამიანების გატაცებაში ბადალი არ ჰყავდათ. დადიოდა ლეგენდები, რომ მათ შეეძლოთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გაეტაცებინათ ნებისმიერი რაოდენობის ადამიანი. ომსა და კრიმინალურ გარჩევებს ცოცხალი ორი ძმა გადაურჩა. ისინი 2001-2003 წლებში პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ცენტრის ქოლგის ქვეშ მშვიდად აგრძელებდნენ ჩვეულ საქმიანობას.


„მასტერა"-ახმადოვის მოლაპარაკებებისას დასახელდა კიდეც პატარკაციშვილის კილერის კონკრეტული გვარი - ეს რუსლან პაპასკირი („ზოონი") უნდა ყოფილიყო, რომელიც იმხანად სტამბოლში დოკუ უმაროვის თანამოაზრეებზე ნადირობდა. შესაჯერებელი იყო მკვლელობის დეტალები, აჯობებდა, მკვლელობა ჰაერში მომხდარიყო... თითქოს ყველაფერზე შეთანხმდნენ, მაგრამ მოულოდნელად ახმადოვმა საქმეზე უარი თქვა...


თუმცა ჩეჩენი ავტორიტეტი ხელცარიელი მაინც არ დარჩენილა. მან კარგად იცოდა, რომ ქართველი სპეცსამსახურების ნდობა არ შეიძლებოდა და „მასტერასთან" ყველა საუბარს იწერდა. ბერეზოვსკის ჩანაწერები 1 500 000 დოლარად მიყიდა, ბერეზოვსკიმ კი პატარკაციშვილს მისცა. 2007 წლის დეკემბერში ეს ჩანაწერები ქართული საზოგადოებისთვისაც გახდა ცნობილი. როცა 2012 წლის ნოემბერში სტამბოლში რუსლან პაპასკირი დააკავეს, „მასტერას" სახელი თურქი სამართალდამცავებისთვისაც გახდა ცნობილი.


2012 წლის იანვარში „მასტერა" ბაჩანა ახალაიამ თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანა, განუყრელ მეგობრებთან მეგის ქარდავასა და ალექსანდრე მუხაძესთან ერთად. სამხედრო მოსამსახურეებთან „მუშაობის" გამოცდილება „მასტერას" 2008 წლიდან ჰქონდა. 2008 წლის 16 აგვისტოს სპეცრაზმის თანამშრომლებს აჭარიდან თბილისში გადმოჰყავდათ დღემდე დაუდგენელი მოტივით დაკავებული სამხედრო მზვერავი როინ შავაძე, რომელიც იმ დროს რატომღაც სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადეს. გზაში ის უამრავი თვითმხილველის წინ დახვრიტეს (მოკლულს 28 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი). ოფიციალური ვერსიით, შავაძემ გაქცევა სცადა. მზვერავის ქვრივი დღემდე აცხადებს, რომ მისი მეუღლის მკვლელობაში გარეულია კუდ-ის იმდროინდელი ხელმძღვანელობა - დათა ახალია, გია დგებუაძე და აჭარის კუდ-ის უფროსი თემურ პატარიძე.


2012 წლის სექტემბერში, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, „მასტერა" მიხვდა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში არც მას დაადგებოდა კარგი დღე და გაქცევით უშველა თავს. თანაც ამბობენ, რომ „შავი დღისთვის" გადანახული უამრავი კომპრომატი გაიყოლა ჰოლანდიაში... ასე რომ, „მასტერას" საქართველოში ჩამოყვანა სავარაუდოდ, მრავალ გახმაურებულ თუ გაუხმაურებელ დანაშაულს ახდის ფარდას...


„მასტერა" სავარაუდოდ, ოქროს მოწმე იქნება მერაბიშვილის, ადეიშვილისა და თვით სააკაშვილის საქმეებშიც. ყველაზე მეტად კი ახალაიების საქმეში. ამაზე საუბრობს „კვირის პალიტრისთვის" 2015 წელს მიცემულ ინტერვიუში ადვოკატი მამუკა ნოზაძე: „დგებუაძე მნიშვნელოვანი მოწმე იქნება ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთის საქმეშიც - ფარულ ჩანაწერებში ჩეჩენ საველე მეთაურთან დგებუაძე აწარმოებს მოლაპარაკებას (ამაზე ირაკლი ოქრუაშვილმაც ილაპარაკა). ბიზნესმენის მკვლელობა მათ ჩეჩენ ტერორისტს შეუკვეთეს და დგებუაძის აღიარება გამოააშკარავებს შეკვეთილ მკვლელობას. გაცხადდება ციხის ბუნტთან, ნავთლუღის სპეცოპერაციასთან, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია თუ სხვა. „მასტერა" გახმაურებული საქმეების 90%-ში მონაწილეობდა. მეეჭვება, მან დუმილის უფლება გამოიყენოს, როგორც წესი, ასეთი ადამიანები ვერ უძლებენ საპატიმროს და ადვილად თანხმდებიან შეთავაზებას, რომ შეღავათების სანაცვლოდ, თქვან სიმართლე. ამის მაგალითია ოლეგ მელნიკოვი, რომელმაც, ფაქტობრივად, ყველაფერი თქვა. მან ყველას წინააღმდეგ მისცა მამხილებელი ჩვენება".



http://www.kvirispalitra.ge/versia/22602-ambavi-masteras-ukheirobisa.html


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner