logo_geo
eng_logo
კობა ნარჩემაშვილი: პატრიარქის ინიციატივა ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია
- +

25 მარტი. 2016. 13:30


შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი პატრიარქის ინიციატივას ეხმაურება, რომელიც უვადო პატიმრების საკითხის გადახედვას უკავშირდება და აცხადებს, რომ აღნიშნულ თემაზე მსჯელობა მიზანშეწონილია. როგორც ნარჩემაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იგი ეჭვობს, რომ უვადო პატიმრობის ნორმა საერთოდ გაუქმდეს, თუმცა შესაძლოა, ამ მიმართულებით გარკვეული ჰუმანური აქტები განხორციელდეს.

 

„ძალიან კარგია, რომ ამ საკითხს არ მოჰყვა ისეთივე ისტერიკა, როგორiც პატრიარქის წინა განცხადებას, რომელიც პოლიტპატიმრებს ეხებოდა. მართლმადიდებელი ეკლესია თავის არსით არის ჰუმანურობის უმაღლესი მწვერვალი. ასე რომ, პატრიარქის მხრიდან ასეთი ინიციატივა ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია.

 

რაც შეეხება საკითხის გადახედვას, ვეჭვობ, რომ ეს ნორმა საერთოდ იქნას ამოღებული კანონმდებლობიდან. მოგეხსენებათ, რომ მაშინ, როცა ჯერ კიდევ 90-იან წლებში მორატორიუმი გამოცხადდა სიკვდილით დასჯაზე, უვადო პატიმრობა შემოღებულ იქნა როგორც უფრო ჰუმანური ღონისძიება, ვიდრე იყო სიკვდილით დასჯა. საჭიროა სისხლისსამართლებრივი ისეთი მექანიზმების ამოქმედება, რომელიც მაქსიმალურად შემაცირებს ასეთი სასჯელის გამოყენების ფაქტებს ან გამორიცხავ შეცდომებს ასეთი სასჯელის დანიშვნისას. ან მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული გარემოებები, რომლის დროსაც შეიძლება გადაიხედოს ეს გადაწყვეტილება და შეფარდებულ იქნას შედარებით მსუბუქი, ვადიანი განაჩენი. ან ისეთი შემთხვევები, როცა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება საქმე, მისცემს შესაბამის ორგანოებს საშუალებას, დააყენოს სასამართლოს წინაშე შუამდგომლობა, რომ სასჯელი შემსუბუქდეს. შეიძლება ამ საკითხზე მსჯელობის დაწყება. შესაძლებელია, რომ ხმაურის გარეშე ამაზე სპეციალისტებმა ისაუბრონ. ალბათ, უკეთესი კანონმდებლობის ან ნორმის მიღება შესაძლებელია, სადაც ადამიანის მდგომარეობა უფრო მეტად იქნება გათვალისწინებული და გამორიცხული იქნება შეცდომების შესაძლებლობა", - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner