logo_geo
eng_logo
საქალაქო სასამართლო ერეკლე კოდუასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

25 მარტი. 2016. 13:49


თბილისის საქალაქო სასამართლო სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუასთვის გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

 

"თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის, ამჟამად ძებნაში მყოფ, ბრალდებულ ერეკლე კოდუას მიმართ.

 

მას ბრალად ედებოდა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (2 ეპიზოდი), ასევე თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (2 ეპიზოდი).

 

საქმე ეხება "ტოიოტა ცენტრი თბილისიდან" "LEXUS"-ისა და "TOYOTA HILUX"-ის მარკის ავტომობილების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითურად და მოტყუებით, მისაკუთრებისა და მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტებს.

 

თაღლითობის ბრალდების საქმეზე (2 ეპიზოდი) ერეკლე კოდუა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა, ხოლო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდების საქმეზე ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ და "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონისა და შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით მას საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 2 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

 

სხდომაზე წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ბრალდებულის მიერ თაღლითობის ჩადენის ფაქტები, შესაბამისად ამ ეპიზოდებში წარდგენილ ბრალდებებში ერეკლე კოდუა გამართლდა. რაც შეეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებებს, სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი იყო მტკიცებულებათა ის ერთობლიობა, რაც საკმარისია პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

მოცემულ საქმეზე დაიკითხა ბრალდებისა და დაცვის 31 მოწმე.

 

სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით", - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner