ე.წ პიჯაკის საქმეზე ბრალდებულებს პროკურატურამ ბრალი 500 ლარის სანაცვლოდ მოუხსნა. ამის შესახებ „აიპრესთან" აღნიშნულ საქმეში ბრალდებულმა, ნიკა ნარსიამ განაცხადა. მისი თქმით „თავისუფალი ზონის" სამივე წევრს, მე-8 მოწვევის პარლამენტის დეპუტატის, დავით ლორთქიფანიძის პიჯაკის შემოხევის საქმეზე, ბრალი მოეხსნათ.
„დაგვიბარეს და გვითხრეს, რომ ბრალს მოგიხსხნით 500 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდო. არც ნასამრთლეობა გექნებათო. კვალიფიკაცია შეეცვალა საქმეს და ადმინისტრაციული გადასახადი გვექნება მარტო 500 ლარი. პროკურატურა აღარ ითხოვს პატიმრობას და ითხოვს ჯარიმას 500 ლარს. გადავიხდით და დაგვიბრუნებენ პასპორტებს", - განაცხადა ნიკა ნარსიამ.
შეგახსენებთ რომ ე.წ პიჯაკის საქმეზე ბრალდებულები, ორთვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ და სასამართლომ ისინი, ერთი წლის უკან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.