logo_geo
eng_logo
ილია მეორე: საქართველოს ავტოკეფალია გახდა ის საფუძველი, რაზეც აშენდა ჩვენი კულტურა, ლიტერატურა, ისტორია...
- +

25 მარტი. 2016. 14:04


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში, ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა, რომ  საქართველოს ავტოკეფალია გახდა ის საფუძველი, რაზეც აშენდა ჩვენი კულტურა, ლიტერატურა და ისტორია.



„ჩვენს ისტორიაში არის დღეები, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია. სწორედ ასეთია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება.

 

საქართველოს ავტოკეფალია გახდა ის საფუძველი, რაზეც აშენდა ჩვენი კულტურა, ლიტერატურა, ისტორია. მეხუთე საუკენე გახდა ის საუკუნე, როდესაც ვახტანგ გორგასალმა ანტიოქიის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საქართველოში პირველ კათოლიკოსად პეტრე დაადგინა. ანტიოქიის პირველი პატრიარქი იყო პეტრე და ასევე საქართველოს პირველი კათოლიკოსი იყო პეტრე. ავტოკეფალია იყო ის საფუძველი, რომელზეც საქართველოს ეკლესიის ისტორიაა დაფუძნებული, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიამ განაპირობა საქართველოს მომავალი. რა თქმა უნდა, ეს უცბად არ დამტკიცდა", - განაცხადა უწმინდესმა.


უწმინდესის განმარტებით, იყო წესი, რომ მირონი დედაეკლესიას, ე.ი ანტიოქიას უნდა ეკურთხა. ამის შემდეგ შედგა კრება, რომელმაც დაადგინა, რომ მირონი საქართველოში უნდა კურთხეულიყო. უწმინდესმა აღნიშნა, რომ XI საუკენეში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს პატრიარქის წოდება მიენიჭა:


„ეს გრძელდებოდა 1801 წლამდე. შემდეგ საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა შეწყდა. ამ დროს კათოლიკოს-პატრიარქი გიორგი XII-ის ძმა ანტონ II იყო. მან ათი წელი კიდევ გაუძლო და 1811 წელს ანტონ II რუსეთში გაიწვიეს. თითქოს დიდი პატივი მიანიჭეს მას და შეიყვანეს რუსეთის წმინდა სინოდში, სინამდვილეში ეს იყო ავტოკეფალიის გაუქმების აქტი. არის აღწერილი, როგორ ემშვიდობებოდა ანტონ II სვეტიცხოველს. ის გრძნობდა, რომ მას აღარ ეღირსებოდა დაბრუნება საქართველოში. შემდეგ გადაიყვანეს ნიჟნი ნოვგოროდში და 16 წელი იქ იცხოვრა და გარდაიცვალა. ტაძარი, სადაც იყო დასაფლავებული ანტონ II, აღარ არსებობს.

 

ჩვენ მაინც უნდა მოვძებნოთ მისი საფლავი. შეიძლება, იგი იყო გადასვენებული სხვა ტაძარში, ასე რომ, ეს მკვლევარების გამოსაძიებელია", - ბრძანა პატრიარქმა.


პატრიარქმა ქადაგებისას განაცხადა, რომ 1917 წელს დიდმა სასულიერო მოღვაწეებმა ლეონიდემ, კალისტრატემ, ამბროსი ხელაიამ მოაწყვეს კრება და აღადგინეს საქართველოს ავტოკეფალია.


პატრიარქმა განმარტა, რომ 25 წლის წინ მათ რამდენიმე შეხვედრა ჰქონდათ როგორც კონსტანტინოპოლში, ისე თბილისში. საბოლოოდ კი მივიდნენ შეთანხმებამდე, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქს უნდა ეღიარებინა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ძველი ავტოკეფალია.


„თითქმის არც ერთმა ეკლესიამ არ ცნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია და ეს გრძელდებოდა 1990 წლამდე. სირთულეები ძალიან ბევრი იყო. 25 წლის წინ ჩვენ გვქონდა ინტენსიური მოლაპარაკება მსოფლიო პატრიარქთან. ეკლესიას ავტოკეფალიას და პატრიარქის წოდებას კონსტანტინოპოლის პატრიარქი ანიჭებს.


გადაწყდა, რომ მართლმადიდებლობის ზეიმის დღეს იქნებოდა გადმოცემული სათანადო სიგელები და ჩვენ გავემგზავრეთ კონსტანტინოპოლში და მივიღეთ ეს სიგელები. ასეთი რთული გზა განვლო ჩვენმა ეკლესიამ.

 

დიდება და მადლობა უფალს, დიდება იმ ადამიანებს, რომლებიც შრომობდნენ და თავი დადეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის", - ბრძანა უწმინდესმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner