13 იანვარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა კალანდობის დღესასწაული განსაკუთრებულად აღნიშნა. კალანდობა სოფელ ცხემლისხიდში გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმში ყველა ძველი ტრადიციის დაცვით ჩატარდა.
სახალხო დღესასწაულს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი/ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრები და მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„მინდა სრულიად საქართველოს, გურიის რეგიონის ყველა მაცხოვრებელს მივულოცო კალანდა. ვუსურვო მშვიდობა, ბედნიერება, ხვავი, ბარაქა და უკეთესი მომავლის რწმენა. ეს ლამაზი დღესასწაული გურიაში ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნებოდა და ასეა დღესაც. სტუმრები ტრადიციებითა და რიტუალებით გაჯერებული არაჩვეულებრივი ღონისძიების მომსწრენი გახდნენ", - აღნიშნა გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ.
თეატრალიზებული ელემენტებით საკალანდო ღონისძიება ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა - „შემოქმედი," „იადონი," „ელესა," „ურეკი" და „ზენაარმა"გააფორმეს. ღონისძიება ანსამბლ „ბანის", მომღერალ სალომე ბაკურაძის კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
„კალანდა 2017" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის, ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის" და ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო-საბიბლიოთეკო გაერთიანების" ორგანიზებით მოეწყო.