საქართველოს პრეზიდენტის სიძეს მინდია გოგოჭურსა და მის მეგობარ მიხეილ თათრიშვილს საავადმყოფოდან ხვალ გაწერენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მკურნალობა გაწერის შემდეგაც გაგრძელდება.
მინდია გოგოჭურმა დღეს „რუსთავი 2"-თან პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გამომძიებელი დაკითხვის მიზნით საავადმყოფოში შემთხვევის პირველივე დღეს მივიდა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი 11 იანვარს თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 18 თვემდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან 3 წლამდე.