„პატრიარქმა მითხრა, - ოღონდ კაცი არ მოკლა და თუ ვინმეს ტყვედ ჩაიგდებთ, სიცოცხლე შეუნარჩუნეთო", - ამის შესახებ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაცვის უფროსი, სოსო ოხანაშვილი „კვირის პალიტრას" ესაუბრა.
სოსო ოხანაშვილმა პატრიარქის დაცვაში მოხვედრის ამბავი გაიხსენა.
„პატრიარქის სტიქაროსანი 2003 წლის 18 იანვარს გავხდი. „ფორმიანი" სტიქაროსანი რამდენიმე ვიყავით. 2003 წლის აგვისტოში ერაყში წავედი. წასვლის წინ პატრიარქმა მითხრა, - აბა, შენ იცი, მშვიდობით მოიარე, ოღონდ შეეცადე, კაცი არ მოკლა და თუ ვინმეს ტყვედ ჩაიგდებთ, სიცოცხლე შეუნარჩუნეთო. პატრიარქის ეს სიტყვები სულ მახსოვდა. ერაყში მყოფი სხვა ქვეყნების ჯარისკაცებისგან განსხვავებით, რომლებიც მუდმივად ითხოვდნენ ტყვეების დასჯას - პასუხს ვერავინ გვაგებინებსო, ჩვენ ვცდილობდით, ისინი ცოცხლები დაგვეტოვებინა.
ერაყში 8 თვე დავყავით, საბედნიეროდ, უდანაკარგოდ დავბრუნდი, ოღონდ დაჭრილები კი გვყავდა. ქვაყანაში უკვე ახალი, „ვარდების" ხელისუფლება დაგვხვდა...
დაახლოებით ერთი თვის შემდეგ პატრიარქმა დამიბარა. როგორც კი დამინახა, მკითხა, - ადამიანი ხომ არ მოგიკლავსო. ღვთის ნებით, ასეთ სიტუაციაში არ ვყოფილვარ-მეთქი, - დავამშვიდე. მერე გამომკითხა, რა გეგმები გაქვსო. ვუთხარი, რომ უწინდებურად გავაგრძელებდი შეიარეღებულ ძალებში სამსახურს. მოულოდნელად მკითხა, - არ გინდა, ჩემთან იყოო? სადაც წავალ, თან რომ მახლდე და ზოგადად ეს სამსახური ააწყოო. თავიდან არც დავიჯერე - ვყოფილიყავი პატრიარქის პირადი მცველი. ამაზე მხოლოდ ოცნება შემეძლო.
უწმინდესს რომ გამართული დაცვის სამსახური სჭირდება, კარგად ხედავდა მამა ნიკოლოზ მინიდაშვილიც (ჩვენი მოძღვარი იყო). როგორც მოგვიანებით გავიგე, სწორედ მან ჩამოუგდო ამ თემაზე პატრიარქს სიტყვა - კარგი ბიჭები მყავს, სამსახურს კარგად ააწყობენ და იქნებ თქვენთან წაიყვანოთო. უწმინდესს ღიმილით უთქვამს - პატრიარქს ღმერთი იცავსო. ღმერთი იცავს კაცის ხელითო, - არ დაუყოვნებია მამა ნიკოლოზსაც. სწორედ ეს საუბარი გამხდარა მოგვიანებით პატრიარქის გადაწყვეტილების მიზეზიც.
2004 წლის 12 მაისს პირველად გავყევი პატრიარქს პირადი მცველის რანგში და უკვე 13 წელია, გვერდიდან არ მოვშორებივარ", - განაცხადა ოხანაშვილმა.