logo_geo
eng_logo
სერგო ვარდოსანიძე: როგორ შეიქმნა დოკუმენტური ფილმი „სამოცდაათი შეკითხვა“...
- +

16 იანვარი. 2017. 21:13



ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში ისტორიულ ფილმს და სტატუსს აქვეყნებს, რომელიც სკოლებში განათლების სისტემას შეეხება.


„როგორ შეიქმნა დოკუმენტური ფილმი „სამოცდაათი შეკითხვა"...

 

1979 წლის სექტემბერში სრულიად ახალგაზრდა თბილისის კ.დ. უშინსკის სახელობის პირველ ექსპერიმენტულ საშუალო სკოლაში გამოსაცდელი ვადით ი.გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკის ინსტიტუტის ისტორიისა და საზოგადოებათმცოდნეობის სექტორის გამგის დოცენტ ილია მახარაძის რეკომენდაციით შემცვლელმასწავლებლად მიმიღეს. ბატონმა ილიამ წარმადგინა სკოლის დირექტორ ქალბატონ ნორა ტარიელაშვილთან. ქალბატონი ნორა გამესაუბრა და ბატონ ილიას უთხრა: „სამი ახალგაზრდა მოვიდა უკვე და ორი-სამი დღის მერე წავიდნენო"...

 

მეორე დღეს სასწავლო ნაწილის გამგემ ციცო დოლიძე უკვე გაკვეთილზე შემიძღვა "ბავშვებო, ეს იქნება თქვენი ახალი მასწავლებელიო" და დამტოვა ,თვალი მოვავლე საკლასო ოთახს,სადაც 40 -მდე ბავშვი იყო, გადავშალე ჟურნალი და მათ გამაყრუებელ ხმაურში დავიწყე სიის ამოკითხვა,მივხვდი ის,რაც ვისწავლე პედაგოგიკა,ფსიქოლოგია,პედაგოგიური ოსტატობის საფუძვლები აქ არაფერში გამომადგებოდა, საჭირო იყო რაღაც სხვა და... დავიწყე აბდუშელიშვილი-ამ გვარის ფუძე საჩხერის რაიონის სოფელ გორისაშია...ცოტა სიჩუმე,შემდეგ უკვე ინტერესი,ყველა მოსწავლის გვარის ეტიმოლოგია განვიხილე და კლასი უკვე ჩემი იყო,ინფორმაცია ახალი მასწავლებელი გვარების ისტორიას მოგიყვებათო, სწრაფად გავრცელდა და უკვე ყველგან ინტერესით მელოდნენ,ერთი თვის შემდეგ უკვე შტატის მასწავლებელი გავხდი, დავიწყეთ სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული მასალის შესწავლა,მაგრამ არსებული უნიფიცირებული სახელმძღვანელოები მშრალ და უინტერესო მასალას გვაწვდიდა,ოფიციალურად ისწავლებოდა სსრკ.ისტორია,მსოფლიო ისტორია და საზოგადოებათმცოდნეობა...ამიტომ დავიწყე ფიქრი,როგორ დამეინტერესებინა მოსწავლეები, მოვიძიე დამხმარე ლიტერატურა და შევუდექით მის შესწავლას, დამატებით მეცადინეობებზე ვასწავლიდი საქართველოს ისტორიას,დავაარსეთ საქართველოს ისტორიის სამეცნიერო წრე,სადაც ვამუშავებდით საინტერესო თემებს,ვაწყობდით დისკუსიებს, ექსკურსიებს,ზაფხულში მოსწავლეები მიმყავდა თუშეთში, ფშავში, ხევსურეთში, სამხრეთ საქართველოში,სამეცნიერო წრის სხდომებზე ვიწვევდით ცნობილ მეცნიერებს, ვატარებდით ღია გაკვეთილებს,არ ვეგუებოდით არსებულ სისტემას და ვაკრიტიკებდით მის იდეოლოგიზირებული დოგმებს... ჩვენი გმირები იყვნენ საბჭოთა იდეოლოგიით შერისხული ისტორიული პირები და პერიოდები...

 

ეს უჩვეულო თავისუფლება, რაც ამ სკოლაში გვქონდა იმით იყო განპირობებული,რომ სკოლაში აკრძალული იყო,ე.წ.რაიონის,ქალაქის მეთოდსამსახურების ნორმატიული აქტები,შემოწმებები რამდენად მივყვებოდით მაშინდელ სტანდარტებს,ამაში ხელს გვიწყობდნენ: იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი,სკოლის დირექტორი ქალბატონი ნორა ტარიელაშვილი,სკოლის პედაგოგიური კოლექტივი.

 

სასკოლო განათლების პრობლემებზე ყველა საუბრობდა, მაგრამ გადაჭრის გზები არ ჩანდა...

 

1979 წელს სკოლაში ახალგაზრდა კაცი მოვიდა, შეხვდა დირექტორს და მიიღო ნებართვა დასწრებოდა ნებისმიერ გაკვეთილს,ესაუბრა მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან. რეჟისორი ომარ გვასალია,გამეცნო და უკანა მერხზე მოკალათდა,დაიწყო გაკვეთილი...მეშვიდე კლასის მოსწავლე ირაკლი ხოზბერიძე მისვამს კითხვას: "ვინ იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილი,ყაჩაღი,თუ პატრიოტი?" ჩემი პასუხი: "პატრიოტი".გაკვეთილის ბოლოს ბატონმა ომარმა ხელი ჩამომართვა და მითხრა, "თუ წინაარმდეგი არ იქნები ჩემი მომავალი ფილმისათვის ინტერვიუს ავიღებო",იგი საგულდაგულოდ არჩევდა მოსწავლეებს,მასწავლებლებს,ფილმი დასრულდა 1980 წელს,პირველად რომ ვნახეთ ეს იყო შოკი, მერე თანდათან გავაცნობიერეთ, სკოლას სერიოზული ცვლილებები სჭირდებოდა...

 

ამ ფილმის შექმნიდან 37 წელი გავიდა, სამწუხაროდ ბევრი არაფერი შეცვლილა,ფილმის გმირები- მოსწავლეები 50 წელს გადაცილებულნი ჩვენი საზოგადოების აქტიური წევრები არიან, ახლა მათი შვილების და შვილიშვილების პრობლემებია ის,რაც 37 წლის წინ გაჟღერდა,მასწავლებლების უმრავლესობა მარადისობაია გარდასული,ქალბატონი ნორა შეუძლოდაა,სახლიდან ვეღარ გამოდის, მეც უკვე 27 წელია,რაც სკოლაში აღარ ვასწავლი...

 

იქ მუშაობის დროს ორჯერ ამირჩიეს წლის საუკეთესო მასწავლებლად,სსრკ. და საქართველოს მასწავლებელთა ყრილობის დელეგატად, დამაჯილდოვეს სსრკ. და საქართველოს წარჩინებულის სამკერდე მედლებით,ვიყავი საქართველოს ახალგაზრდა პედაგოგთა ასოციაციის პრეზიდენტი...

 

რა დროც არ უნდა გავიდეს, არასოდეს დამავიწყდება პირველი ექსპერიმენტული საშუალო სკოლა,ჩემი უფროსი კოლეგები და ყოფილი მოსწავლეები,მარადიული ხსოვნა ტრაგიკულად აღსრულებულ ნიჭიერი რეჟისორის ომარ გვასალიას სახელს,რომელმაც ამ ფილმით ბევრი რამ თქვა მეოცე საუკუნის 80-იანი წლების საქართველოში.

 

ფილმი-ნოსტალგია 43 ათასმა ნახა და 1033 გააზიარა,დღესაც გვჭირდება ასეთი ფილმი და სკოლის რეფორმაზე მოფიქრალი ადამიანები. და კიდევ, ეს ფილმი შეიქმნა ბატონ ნუგზარ ფოფხაძის მხარდაჭერით, იმ დროს ეს ადვილი არ იყო, დიდი მადლობა მას ამ გამბედაობისათვის", - წერს ვარდოსანიძე.

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner