დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის - ექვთიმე თაყაიშვილის შრომების მრავალტომეული დღემდე არ გამოცემულა; მეტიც - მისი მემკვიდრეობის გარკვეული ნაწილი გამოუქვეყნებელია, ნაწილი კი ბიბლიოგრაფიულ იშვიათობადაა ქცეული. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ და გამომცემლობა „არტანუჯმა" თხზულებების (ჩაფიქრებულია 12 ტომი) სრულად გამოცემა ითავეს; რომლის მიზანია საზოგადოებას გააცნოს ექვთიმე თაყაიშვილის შემოქმედება. სერიის მთავარი რედაქტორია აკადემიკოსი როინ მეტრეველი; ხოლო I ტომის რედაქტორი - ისტორიკოსი ბუბა კუდავა.
პირველი ტომი მოიცავს დიდი მეცნიერის მიერ ტაო-კლარჯეთში ჩატარებული ექსპედიციების მასალებს და კვლევის შედეგების დიდ ნაწილს:
1907 წლის ექსპედიციის ანგარიშს თან ახლავს როგორც ილუსტრაციები, ისე გაერთიანებული საძიებლები; 1917 წლის ექსპედიციის მასალები დღემდე მხოლოდ ერთხელ იყო გამოცემული.
წიგნი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და გამომცემლობა „არტანუჯის" დაფინანსებით გამოიცა.