საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ განაცხადა, რომ გალარების პირველივე დღეს, ბანკებს პოტენციური ბენეფიციარების დაახლოებით 8 პროცენტამდე მიმართა. გვასალიას განცხადებით, აღნიშნული ინიციატივის მიმართ საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდია.
„გალარების პროგრამა მოსახლეობის ნაწილს სავალუტო რისკს მოუხსნის, რაც ასევე მნიშვნელოვანია საბანკო სექტორისთვისაც და ქვეყნისთვისაც", - განაცხადა გვასალიამ.
შეგახსენებთ, რომ სესხების გალარების პროგრამა 17 იანვარს დაიწყო, რომელიც დაახლოებით 33,000-მდე სესხს შეეხება, ამ თანხის ლარში კონვერტაციისთვის კი ვადად 2 თვეა გათვალისწინებული.
გალარების პროგრამის თანახმად, ბანკები ვალდებულნი არიან ამ პროგრამის შესახებ აცნობონ ყველა მსესხებელს, რომელმაც ამ დახმარებით შეიძლება ისარგებლოს და შესთავაზონ მათ თავიანთი პირობები. მსესხებელს ექნება საშუალება შეთავაზებული პირობებიდან გამომდინარე თავად გადაწყვიტოს რომელ ბანკში ურჩევნია სესხის გალარება. ამის ხელშეწყობისთვის, ეროვნული ბანკთან შეთანხმებით, მომხმარებელს ყველა ხარჯი მოხსნილი აქვს.