BBC-ის ცნობით, მოლდოვის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა, რომ ქვეყანამ შესაძლოა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააუქმოს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან თანამშრომლობის „საგზაო რუკის" მისაღებად.
„იმისთვის, რომ გადავდგათ მომდევნო ნაბიჯი - ეს არის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან თანამშრომლობის საგზაო რუკა - საჭირო იქნება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ზოგიერთი დებულების გადახედვა ან 2014 წელს ხელმოწერილი ამ დოკუმენტის გაუქმება", - განაცხადა იგორ დოდონმა.
მოლდოვის ახალარჩეული პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოლდოვისთვის სარგებელი არ მოუტანია, ქვეყანამ „რუსული ბაზარი დაკარგა და, რამდენად უცნაური არ უნდა იყოს, ევროკავშირში ექსპორტის მოცულობა ასევე შემცირდა".
დოდონმა ასევე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართა თხოვნით, რომ მოლდოვისთვის ევრაზიულ ეკონომიკურ კომისიასა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა განიხილონ.