logo_geo
eng_logo
„ისინი საქმიანობენ რეგულაციის გარეშე“ - რა ბედი ელით ონლაინ-საკრედიტო კომპანიებს?
- +

25 მარტი. 2016. 16:26


„ოქროს შუალედის ნახვა ძნელია, თუმცა ოქროს შუალედს თუ ვერ ვიპოვით, ვერცხლის მაინც უნდა იყოს", - ამის შესახებ ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციებისთვის რეგულაციების დაწესებაზე საუბრისას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნოდარ ებანოიძემ განაცხადა. როგორც მან „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნა,  რეგულაციები, რომელიც დაწესდება, როგორც კომპანიის, ასევე მომხმარებელის ინტერესებზეც უნდა იყოს მორგებული.


„ონლაინ-საკრედიტო კომპანიები საქმიანობენ რეგულაციის გარეშე. ვეთანხმები, რომ ეს სეგმენტი რეგულაციის გარეშე არ უნდა იყოს. რეგულაციები გვჭირდება ბევრი მიმართულებით. ვერ ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე რაიმე პაკეტი მომზადებულია მთავრობის ან პარლამენტის  მიერ, თუმცა, ეს უნდა დაწესდეს. სამუშაო არ იქნება იოლი. ერთი მხრივ, უნდა დავიცვათ მომხმარებლები, მეორე მხრივ - ორგანიზაციებიც, რომლებიც ამ ბაზარზე არიან. მათი დიდი ნაწილი ქვეყნის გარედან მოწოდებული თანხებით არსებობს, რაც არცთუ ისე მცირეა.

 

საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები მქონდა ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მათ ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვთ. ყველა მოქალაქის საქმეა, გონივრული გარიგებები  დადოს, თუმცა სახელმწიფოც იმისთვის არსებობს, რომ გარკვეული რეგულაცია დააწესოს. ამას უნდა სერიოზული მუშაობა  გონივრულ ვადებში. უნდა ჩატარდეს შესაბამისი კვლევები, დავიცვათ მომხმარებლის ინტერესები, ოღონდ ისე არ ვქნათ, მივიღოთ რეგულაციები, რომელიც ამ ორგანიზაციების ბიზნესს ჩაკლავს. რეგულაციებმა ბიზნესს აზრი არ უნდა დაუკარგოს და მომხმარებელიც დაიცვას დავაში ასეთ ორგანიზაციებთან. მაღალი პროცენტი კი გამომდინარეობს იქიდან, რომ სესხების გაცემა ძალიან გამარტივებულად ხდება, ხოლო არამოღების რისკი არის დიდი და რაც მეტია რისკი, მით მაღალია პროცენტი. განსხვავებით იპოთეკური სესხებისგან", - განაცხადა ებანოიძემ.


მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება მუშაობა ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციებისთვის რეგულაციების პროექტზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner