ჟურნალისტი მერაბ ხაჩიძე ციხისძირში ხეების გადარგვის პროცესს ეხმაურება და „რეპორტიორთან" საუბარში იხსენებს, თუ როგორ მოჭრეს „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს რუსთაველზე, „ლაღიძესთან", მრავალწლიანი ჭადრის ხე, რომელიც გარკვეულ სიმბოლიკას ატარებდა.
ხაჩიძის თქმით, იმ ჭადრის ხეს ცნობილი მწერლები ტრიბუნად იყენებდნენ და საზოგადოებას ლექსებს უკითხავდნენ. როგორც ჟურნალისტი განმარტავს, იმ ხის მოჭრა თბილისელებისთვის ტრაგედია იყო და მაშინ ამ ფაქტზე ხმა არავის ამოუღია.
„მაშინ მედიას ხმა არ გაუღია. არცერთ პოლიტიკოსს ამაზე ხმა არ ამოუღია. აქ ბოჰემურ თბილისზეა ლაპარაკი. მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში თბილისელები სხვანაირად ცხოვრობდნენ. მაშინ ქართული პოეზია ქუჩაში იწერებოდა. იმ ხეზე ხან ტიციანი იჯდა, ხან პაოლო იაშვილი, ხან - ტერენტი გრანელი და იქიდან კითხულობდნენ ლექსებს. ამ ხეს ტრიბუნად იყენებდნენ. აქ საღამოობით შეკრების ადგილი იყო. გენიალურ ლექსებს, ეს ქართველი გენიოსები იქიდან უკითხავდნენ საზოგადოებას. იმ ხისთვის ხელის ხლება არ შეიძლებოდა. მაგრამ, ვინც ამ ხის მოჭრა ჩაიფიქრა, ზუსტად ის მიზანი ჰქონდა, რომ საზოგადოების ცნობიერებიდან ამოვარდნილიყო წარსული, ის ხე და ის „ლაღიძის წყლები". აქ იყო პაემანის ადგილი მთელი თბილისისთვის. აი იმ ადგილას, ის ძველი ჭადარი აღარ არის. ეს ტრაგედიაა.
ის ჭადარი მოჭრეს, ციხისძირში კი ეს სამი ხე არ მოუჭრიათ, მათ გადარგვაზეა საუბარი. ამ ადგილის პატრონის, თავის ხეებს რასაც უნდა იმას უზამს და სადაც უნდა, იქ გადარგავს. ნაყიდი აქვს ეს ადგილი. რაც კეთდება, ის დავივიწყოთ და თუ რამე გაფუჭდა, მხოლოდ იმას გამოვეკიდოთ? ჯერ ისიც გასარკვევია, გაფუჭდა თუ არა. უნდა ვუსმინოთ, როგორ აკეთებენ „ნაციონალები" აქცენტს, რომ ისინი კარგები იყვნენ, როცა ხალხს ხოცავდნენ, ციხეში სვამდნენ, აუპატიურებდნენ, როცა ქართული სოფელი მიწასთან გაასწორეს, ეკონომიკა დააქციეს და ჩვენ დაუნახავები ვართ? საზოგადოება სულელი არ არის და ყველაფერს კარგად ვხედავთ.
ასევე ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ ციხისძირში იმ ხეების მოჭრის უფლება არსებობს. იმ ხის მოჭრით, ეკოლოგიურად ზიანი არ ადგება გარემოს. შერჩევითი ჭრა არსებობს. როდესაც ხე ხდება ასი წლის, ის გარემოს ისე ფარავს თავისი მასშტაბით, რომ ტყის განვითარებას ხელს უშლის. ამიტომ, შერჩევითი ჭრა სანიტარული მიზნით არსებობს. ეს მთელი მეცნიერებაა.
ხშირად მიწევს გურიაში სიარული. კაციშვილს ხმა არ ამოუღია, ასწლოვანი ევკალიპტები რომ აჭრეს „ნაციონალური მოძრაობის" დროს. იქ გზის პირას გავლას არაფერი სჯობდა, დაბურულ სიმწვანეში მივდიოდით. ბოლო ათი წლის მანძილზე იქ ხე აღარ დარჩა საერთოდ. ასობით და ათასობით ძირია მოჭრილი და იმაზე ხმა არ ამოუღია არავის. სამი ხის გადარგვაზე უნდა იხმაუროს „ნაციონალურმა მოძრაობამ" და ჩვენ უნდა ვისხდეთ და ვუსმინოთ?" - განაცხადა მერაბ ხაჩიძემ.