ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საქართველოს წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე, რომელზეც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკების მხრიდან გამოვლენილ ხარვეზებზე ისაუბრა, არ გამორიცხა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას შესაძლოა 10-მდე კლინიკა გამოეთიშოს.
სერგეენკოს განცხადებით, მათი მონაცემები საჯარო გახდება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კლინიკები თავად გამოთქვამენ ამის სურვილს.
მისივე თქმით, კლინიკებზეა დამოკიდებული და თუ ისინი მოახერხებენ, რომ სახელმწიფოს ინტერესების ხედვა გაითავისონ, პროგრამას გამოთიშული კლინიკების რაოდენობა უფრო მცირე იქნება.
დავით სერგეენკოს განცხადებით, ახალი რეფორმების ძირითადი მიმართულებების განხორციელება თებერვლის პირველ რიცხვებში დაიწყება.
შეხვედრაზე შესვენებისას ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს კლინიკების ხელმძღვანელების ნაწილმა.
ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი იოსებ ბრეგვაძე ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით დასმული პრობლემის ადრესატად თავს არ მიიჩნევს. რაც შეეხება პაციენტებზე ორიენტირების მიმართულებას, მისი განმარტებით, კლინიკა ცდილობს, რომ მიღებული სახსრები წამლებს, გამოკვლევებს და პაციენტების კომფორტულ პირობებს მოახმაროს.
შეხვედრაზე გაჟღერებული შენიშვნები არ მიუღია არც სამედიცინო კორპორაცია „ევექსის" გენერალურ დირექტორს.
ნიკა გამყრელიძის განცხადებით, ქსელში ხელფასების დაგვიანების პრობლემა არ არის.
მისივე თქმით, „ევექსი" საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ყველაზე მსხვილი პარტნიორია და პარტნიორობის გაგრძელებას კვლავაც აპირებს.
ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეც ესწრებოდა.