logo_geo
eng_logo
დღეს თემურ გოცაძის დაბადების დღეა!
- +

25 მარტი. 2016. 17:07


დღეს თემურ გოცაძის დაბადების დღეა!



75 წლის გახდა!


დიდი შემოქმედი!


მხატვართა ოჯახის დიდი ორგანიზატორი!


დიდი პედაგოგი!


ეს რაც ყველასათვის ნათელია, რამეთუ ხელისგულზე დევს მისი შემოქმედებითი საქმიანობა.


რაც შეეხება დანარჩენს, ურთიერთობის 50 და ახლობლობის 40 წლის გამოცდილება მაძლევს იმის უფლებას, რომ საქვეყნოდ, უყოყმანოდ და პასუხისმგებლობით განვაცხადო: გოცაძე გახლავთ ჭეშმარიტი მოქალაქე და გამორჩეული საზოგადო მოღვაწე!



ფანტასტური ოჯახის პატრონ-მეთაური და... უმშვენიერესი მარინა ჯანაშიას მეორე(!) ნახევარი!


უღალატო მეგობარი!


გოცაძესთან ერთად შეგიძლიათ „დაზვერვაში წასვლა" და თუ უკან მოგყვებათ, ზურგიდან ტყვია არ მოგხვდებათ. და თუ წინ - თქვენთვის დამიზნებულ ტყვიას საკუთარი მკერდით აგაცილებთ...


ძნელად საურთიერთობო კაცია. სულ მცირე სიყალბესაც არავის პატიობს, მით უმეტეს მეგობრობაში, რამეთუ ყველაფერში თავად არის კრისტალური ურთიერთობის მატარებელი.


აქედან გამომდინარეობს მისი მეტისმეტი სიფიცხე! მოურიდებლობა! პირდაპირობა!... მაგრამ ყველა ეს თვისება ასჯერ, ათასჯერ გამომჟღავნდება უსამართლობის, მით უმეტეს, მისი საახლობლოს თუ თანამოაზრეთა მიმართ გამოჩენილი უმადურობის თუ ავყიობის გამოვლინებისას! აი, მაშინ უნდა ნახოთ გოცაძე, მისი „ლურჯა ცხენებივით" ყალყზე მდგარი მეგობარი...


ძნელია მისი „უფროსობა", ვეებერთელა ტვირთია, მაგრამ ნამეტნავად საპატიოა. გარდა იმისა, რომ მისი ნაღვაწით სულ ამაყობ, ისიც კარგად იცი, რომ სიტყვის კაცია და არასოდეს დაგაღალატებს.


ისე, დაჯერებაც იცის (თქვენ წარმოიდგინეთ, რა ნერვების ფასად) და გამარჯვების შემთხვევაში არც შენს „დაძალებას", რჩევას, წინადადებას დაგივიწყებს...



აი, აქ რომ ახლა „ესკიზს" ვაქვეყნებ, იმ „დაძალების" შედეგია, რომელმაც შედეგად მოიტანა მისი „მეოცე საუკუნე".


ძალიან სამწუხაროა, რომ ხანძარმა მისი ეს შედევრი გაანადგურა, მაგრამ ჩემი სიჯიუტის გამო ეს ესკიზი შემოგვრჩა და ვისაც არ უნახავს ის დიდი ტილო, ამ „პაწია" ნამუშევრით მაინც შეექმნება შთაბეჭდილება, რაოდენ ნაღდი ნამუშევარი ვერ შევინარჩუნეთ...


დამშვიდებული ცხოვრება, მით უმეტეს შემოქმედებითი, არასოდეს ჰქონია. არც ახალგაზრდობაში. ებრძოდნენ! სამწუხაროდ, ზოგიერთი კოლეგა, ერთობ ანგარიშგასაწევი და ავტორიტეტული წრე, უწუნებდნენ სტილს, უჩიოდნენ კრემლშიც კი და 1978 წელს, სოციალისტური რეალიზმის ღალატის ბრალდებით ცდილობდნენ მის „აკრძალვას", მაგრამ...


მაშინაც იყვნენ „ნომენკლატურული" ადამიანები, რომლებსაც განათლებისა და გემოვნების გარდა, იმდენი  პრინციპულობა და ტაქტი გააჩნდათ, რომ ახალგაზრდა უნიჭიერესი და „პრობლემური" შემოქმედი არავის „ჩააწიხლინეს". პირიქით, საბოლოოდ საქართველოს ტელევიზიის მთავარ მხატვრადაც დანიშნეს.


მოიგო გოცაძემ, მოიგო მხატვრობამ, მოიგო ტელევიზიამ და, საბოლოო ჯამში, საქართველომ!


ჰოდა, ამ მოგებულ კაცს გაუმარჯოს!


დღეგრძელობა და შემართება არ მოკლებოდეს დიდ მხატვარსა და დიდ მოქალაქეს!


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner