logo_geo
eng_logo
ექვთიმე თაყაიშვილის შრომების მრავალტომეულის პრეზენტაცია გაიმართა
- +

18 იანვარი. 2017. 18:48



საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ექვთიმე თყაიშვილის შრომების პირველი ტომის პრეზენტაცია გაიმართა.


ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ფართო სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ასევე, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე და სხვ.


შესავალი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა მიმართა; შემდეგ კი ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ ვრცლად ისაუბრა წინამდებარე ტომის შესახებ.


ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლზე, ცხოვრებასა და შემოქმედებაზე აგრეთვე ისაუბრეს მანგლელმა მიპტროპოლიტმა, მეუფე ანანიამ (ჯაფარიძე), ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა ნანა ხაზარაძემ და პროფესორმა ნათელა ვაჩნაძემ.


2002 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის თაოსნობით საქართველოს მართლმადიდებელი, სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდმა ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა (ექვთიმე ღმრთისკაცი). დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის შრომების მრავალტომეული დღემდე არ გამოცემულა; მეტიც - მისი მემკვიდრეობის გარკვეული ნაწილი გამოუქვეყნებელია, ნაწილი კი ბიბლიოგრაფიულ იშვიათობადაა ქცეული.


საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ და გამომცემლობა "არტანუჯმა" თხზულებების (ჩაფიქრებულია 12 ტომი) სრულად გამოცემა ითავეს, რომლის მიზანია საზოგადოებას გააცნოს ექვთიმე თაყაიშვილის შემოქმედება. სერიის მთავარი რედაქტორია აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ხოლო პირველი ტომის - ისტორიკოსი ბუბა კუდავა.


პირველი ტომი მოიცავს დიდი მეცნიერის მიერ ტაო-კლარჯეთში ჩატარებული ექსპედიციის მასალებს და კვლევის შედეგების დიდი ნაწილს: "არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩარგლში 1907 წელს; "1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში" (ანგარიშის როგორც ქართული, ისე რუსული ვერსია); "სამუსულმანო საქართველო"; 1907 წლის ექსპედიციის ანგარიშს თან ახალავს როგორც ილუსტრაციები, ისე გაერთიანებული საძიებლები; 1917 წლის ექსპედიციის მასალები დღემდე მხოლოდ ერთხელ იყო გამოცემული.


წიგნი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და გამომცემლობა "არტანუჯის" დაფინანსებით გამოიცა. ქალაქ თბილისის მერმა დავით ნამრმანიამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ დიდი შრომაა გაწეული სარედაქციო კოლეგიის წევრების მიერ და ქალაქის მერია კვლავ გამოთქვამს მზაობას სამომავლო გამოცემების ფინანსური მხარდაჭერისთვის.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner